ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ჩინური საავტომობილო ბაზარი - ელდორადო ავტოგიგანტებისთვის
#3(3), 2004
დღეს რომ კომუნისტური ჩინეთის სულიერი ლიდერი და მამა, მაო ძე-დუნი ცოცხალი ყოფილიყო, ალბათ თავის ქვეყანას ვერ იცნობდა _ პეკინის, შანხაისა და განსაკუთრებით ჩინეთის საზღვრებში ახლახან მოქცეული ჰონგკონგის პეიზაჟის შემადგენელ ნაწილად იქცა ცათამბჯენები, სუპერმარკეტები, უზარმაზარი სარეკლამო აბრები და, რაღა თქმა უნდა, ავტომობილებით გადაჭედილი გზები.

სწორედ ახალი ავტომობილების სიმრავლე არის ქვეყნის კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და თუ ჩინეთი ცხოვრების დონით ჯერ ვერ გაუტოლდება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, იაპონიასა და სამხრეთ კორეას, ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნის ეკონომიკა უზარმაზარი ტემპით ვითარდება და არაა გამორიცხული, რომ იაპონური და სამხრეთკორეული ეკონომიკური საოცრებების შემდეგ ჩინურ საოცრებაზეც ალაპარაკდეს საქმიანი მსოფლიო.

რაც უფრო ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო იზრდება მისი მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა, რაც პარალელურად ავტობაზრის (სხვა ბაზრებთან ერთად) განვითარებას იწვევს. დღეისათვის ჩინური ავტობაზარი თავისი მოცულობით მსოფლიოში მესამე ადგილზე (!) გადავიდა და უკან მოიტოვა ისეთი ქვეყანა, როგორიც გერმანიაა! წინ მხოლოდ აშშ და იაპონია არიან, მაგრამ თუ ტენდენციებს და ქვეყნის მოსახლეობას მივიღებთ მხედველობაში, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ მალე ჩინური ავტობაზარი უდიდესი გახდება მსოფლიოში. უფრო კონკრეტულად კი, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთი ავტომობილების გაყიდვების რაოდენობით 2010 წლისთვის მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და მის წინ მხოლოდ აშშ-ღა დარჩება.

ეს კი უკვე იმის ნიშანია, რომ ჩინეთის ავტობაზარი იმსახურებს მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლების გაზრდილ ყურადღებას. იმსახურებს და მიიღო კიდეც, რისი დასტურიც გახდა პეკინის წლევანდელი ავტოსალონი, სახელად "აუტო ჩინა 2004", რომელიც თავისი მასშტაბებით დეტროიტის, ჟენევისა და პარიზის ავტოსალონებსაც კი გაუტოლდა.

ავტოსალონმა იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ მისმა ორგანიზატორებმა რამდენიმე დღეში ბილეთების გაყიდვაც კი შეწყვიტეს _ საგამოფენო პავილიონები დამთვალიერებლებს ვერ იტევდნენ! ამგვარი რამ მსოფლიო ავტოინდუსტრიას არ ახსოვს. ავტოსალონის ორგანიზატორებმა კი მსწრაფლ შეიმუშავეს გეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში ორჯერ დიდი ფართობის მქონე საგამოფენო კომპლექსის აშენებას და სრულიად ახალი საკონფერენციო ცენტრის გახსნას ითვალისწინებს.

მართალია, 2002 წლის გაყიდვების სასწაულებრივი ზრდის შემდეგ, ორი წელია, რაც ზრდის ტემპებმა საგრძნობლად იკლო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ადგილობრივი ავტომწარმოებლები კვლავ ვერ აკმაყოფილებენ გაზრდილ მოთხოვნებს. პარალელურად, უცხოური კომპანიები, ზოგჯერ დამოუკიდებლად, უფრო ხშირად კი ადგილობრივ კომპანიებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის გზით, სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ჩინურ ბაზარს და იქ მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ახდენენ.

ეკონომიკის ზრდის ტემპების მიუხედავად, სოციალისტური ჩინეთი ჯერაც არ ამბობს უარს ბიუროკრატულ ბარიერებზე, რომელთა გამოც, პირველ რიგში, ადგილობრივი, გაცილებით მცირე შესაძლებლობების მქონე ავტომწარმოებლები იჩაგრებიან.

ასეა თუ ისე, ავტოსალონზე, პეკინის საერთაშორისო საგამოფენო კომპლექსის პავილიონებში 600-ზე მეტი ახალი ავტომობილი იყო წარმოდგენილი. მათ შორის, ვინც აქ თავისი პროდუქცია გამოფინა, ყველაზე მეტი ექსპონატით "ფორდ მოტორსი" გამოირჩეოდა, რომელმაც 40-ზე მეტი ახალი მოდელის ავტომობილი (როგორც საკუთრივ "ფორდის", ასევე მისი კუთვნილი "ვოლვოს", "მაზდას", "იაგუარის", "ასტონ მარტინის", "ლენდ როვერისა" და "ლინკოლნის" მარკის) შესთავაზა ჩინელებს. "ფორდი" ჩინეთის ბაზარზე შედარებით ახალი მოთამაშეა (იქ წელიწადნახევრის წინ დაიწყო დამკვიდრება) და უკვე ზრუნავს იქ საკუთარი წარმოების ამოქმედებაზე. უნდა ითქვას, რომ ამერიკული კომპანია ჩინეთში წარმოების დაწყებას ადრეც აპირებდა, თან ორჯერ, მაგრამ არასახარბიელო პოლიტიკურ-ეკონომიკური ფონის გამო მაშინ არ გადაუდგამს სარისკო ნაბიჯი.

როგორც წესი, განვითარებად ბაზარზე უფრო პოპულარულია ის პროდუქცია, რომელიც ზომიერი ან დაბალი ფასებით გამოირჩევა. ამ მხრივ, არც ჩინეთია გამონაკლისი, თუმცა იქ იაფფასიან ავტომობილებთან ერთად, სწრაფად იზრდება ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვებიც და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან ჩინეთში ყოველწლიურად მატულობს მილიონერთა რაოდენობა. ამ ადამიანებს კი ჯიბის სისქის ზრდასთან ერთად, ესთეტიკური მოთხოვნების ზრდაც აღენიშნებათ.

ამის ნიშანია თუნდაც ის, რომ პეკინის ავტოსალონზე გამოჩნდა ისეთი "არისტოკრატული" ექსპონატები, როგორებიცაა სუპერ ლუქსის კლასის სედანი "მაიბახი" და სუპერკარების იტალიელი მწარმოებლის, "ლამბორგინის" ორი უახლესი შედევრი _ "მურსელაგო" და "გაიარდო". ისიც ფაქტია, რომ ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელი "დაიმლერკრაისლერის" პროდუქციის გაყიდვები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით მესამედით იზრდება.

ჩინური წესები

კარგა ხნის მანძილზე ჩინელი კანონმდებლები ხელოვნურად ზღუდავდნენ იმ უცხოელ ავტოკომპანიებს, რომლებსაც ქვეყანაში წარმოების დაწყება სურდათ. თავიდან შეზღუდული იყო ასეთი კომპანიების რაოდენობა, მაგრამ სამაგიეროდ, იმპორტიორებს თითქმის არ ჰქონდათ შეზღუდვები სადილერო საქმიანობაში და ისინიც გარედან შეტანილი ავტომობილების გაყიდვას სჯერდებოდნენ.

შეზღუდვების მიუხედავად, ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია, ავტომობილებს აწარმოებენ "ფოლკსვაგენი", "ჯენერალ მოტორსი" და "დაიმლერკრაისლერის" დივიზიონი "ჯიპი". დღეს კი თითქმის შეუძლებელია ისეთი ცნობილი ავტოკომპანიის დასახელება, რომელსაც ჩინეთში საქმე არ ჰქონდეს წამოწყებული.

მოკლედ, ჩინეთში საერთო ჯამში ასი დიდი თუ პატარა ავტომწარმოებელი მოღვაწეობს, რომელთა დიდი უმრავლესობა ადგილობრივი, "წვრილფეხა" ფირმებია, ბევრი კი დასავლურ და იაპონურ ავტოკომპანიებთანაა დაკავშირებული. ჩინურ ავტომწარმოებელთაგან უდიდესია ინდუსტრიული კორპორაცია "შანხაი ოტომოტივი", რომელსაც ერთობლივი საწარმოები აქვს ორ ისეთ მოძულე კონკურენტთან, როგორებიც არიან "ჯენერალ მოტორსი" და "ფოლკსვაგენი". ასეთი რამ თითქოს პარადოქსია, მაგრამ ჩინეთს ორივე იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ისინი თვალს ხუჭავენ ამაზე.

მსოფლიოსა ("ჯენერალ მოტორსი") და ევროპის ("ფოლკსვაგენი") უდიდესი ავტომწარმოებლები დღეისათვის ჩინური ბაზრის თითქმის 90 პროცენტს აკონტროლებენ და სპეციალისტთა პროგნოზებით, უახლოეს მომავალში ორივე შეინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს, თუმცა ორივემ ისიც კარგად უწყის, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოუწევთ დომინანტის როლის დათმობა.

პეკინის ავტოსალონამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩინეთმა ახალი კანონი მიიღო, რომლის წყალობითაც კიდევ უფრო გაიზრდება უცხოელ კომპანიათა საბაზრო წილი. სამაგიეროდ, ადგილობრივ პატარა და საშუალო კომპანიებს სერიოზული პრობლემები ელით. ყველაფერი კი იმის გამო, რომ ახალი კანონით, ახალი ქარხნის აშენებისას უცხოური ინვესტიციის მინიმუმი 242 მილიონი დოლარით განისაზღვრა.

საშუალო ჩინურ კომპანიებს, რომლებსაც ჯერაც არ დაუჭერიათ საქმე უცხოელ პარტნიორებთან, ამ მინიმუმის წყალობით ძალიან გაუჭირდებათ ერთობლივი საწარმოების შექმნა, რადგან ისინი ვერ შეძლებენ ესოდენ დიდი უცხოური ინვესტიციის შესაფერისი კაპიტალდაბანდების ჩადებას ერთობლივ საწარმოებში. და მაინც, სპეციალისტები ჩინეთის მთავრობის ამ ნაბიჯს მიესალმებიან, რადგან მათი ვარაუდით, ამას წარმოების რაციონალიზება და მოთხოვნა-მიწოდების დაბალანსება მოჰყვება.

კონკურენციის ზრდის პარალელურად, მწარმოებლები ყოველ ზომას მიმართავენ, რათა შეამცირონ ხარჯები და გაზარდონ მოგება. თვალში საცემია ავტომობილების ფასების შემცირებაც. მაგალითად, პოპულარული "ფოლკსვაგენ სანტანას" ფასი ბოლო ორ წელიწადში თითქმის მეხუთედით შემცირდა, "ფორდ მონდეოს" ორლიტრიანი ვერსიისა კი _ 26 პროცენტით. ამასთან, სპეციალისტების ვარაუდით, ფასების შემცირება კვლავაც გაგრძელდება.

სამი მილიარდი სამ წელიწადში

პეკინის ავტოსალონზევე "ჯენერალ მოტორსმა" გამოაცხადა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ჩინეთში. ეს თანხა პირველ რიგში დაიხარჯება ახალ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში ახალი ქარხნების მშენებლობას და რამდენიმე ახალი მოდელის გაყიდვების ორგანიზებას ითვალისწინებს.
"გენერლები" ამ სამ წელიწადში ჩინეთში კიდევ რამდენიმე ერთობლივი საწარმოს გახსნას გეგმავენ. რაც მთავარია, შეიქმნება ახალი ფინანსური ერთობლივი კომპანია, რომელიც კოორდინირებას გაუწევს ამერიკული კორპორაციის საქმიანობას ჩინეთში. რაც მთავარია, ჩინეთში ინვესტიცია განხორციელდება იმ ფონდებიდან, რომლებშიც თანხები აკუმულირდება გაყიდვებით მიღებული მოგებიდან.

"ჯენერალ მოტორსის" ჩინური დივიზიონის აღმასრულებელი ფილ მერტაფი აცხადებს, რომ ჩინეთში განხორციელებული ინვესტიციები დადებითად იმოქმედებს აშშ-ის ეკონომიკაზეც, რადგან ჩინური ქარხნების მაკომპლექტებელი ნაწილებით უზრუნველსაყოფად ამერიკულ მიმწოდებელ კომპანიებს წარმოების გაზრდა მოუწევთ. მერტაფს მაგალითად მოჰყავს ის ფაქტი, რომ 1997 წლიდან დაწყებული, როცა "გენერლებმა" მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში დაიწყეს მოღვაწეობა, 2003 წლამდე პერიოდში მათ იქაურ საწარმოებს საერთო ჯამში 1.8 მილიარდი დოლარის ნაწილები, კომპონენტები და ეკიპირება მიაწოდეს. "ჩინური ბაზრის მომარაგება კვლავ გაგრძელდება და მის ზრდასთან ერთად, აშშ-იდან მიწოდებული მაკომპლექტებლების ღირებულებაც საგრძნობლად მეტი იქნება", - ამბობს მერტაფი.

მომავალ სამ წელიწადში "ჯენერალ მოტორსი" და მისი ჩინური ერთობლივი საწარმოები თითქმის 20 სრულიად ახალსა და მოდერნიზებულ ავტომობილს წარადგენენ ჩინურ ბაზარზე. მათი უმეტესობა ადგილზე დამზადდება. ეს ავტომობილები ავტობაზრის თითქმის ყველა სეგმენტიდან იქნება წარმოდგენილი, იმ სეგმენტებიდანაც კი, რომლებსაც ამერიკული კომპანია ჩინეთში ჯერ არ შეხებია. ასეთებია საშუალო და ლუქსის კლასები.

ახალ სამოდელო პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი ექნება მინიჭებული მარკა "კადილაკის" ავტომობილებს, რომელთა ნაწილი აშშ-დან იქნება იმპორტირებული, ნაწილს კი "გენერლებისა" და "შანხარი მოტორზის" ერთობლივი საწარმო დაამზადებს. "კადილაკის" გენერალური მენეჯერი მარკ ლანევე ირწმუნება, რომ 2010 წლიდან, მისი დივიზიონის მიერ რეალიზებული ავტომობილების 15-20 პროცენტს ჩინელი მყიდველი ეყოლება.

"ფორდი" ჩინეთში წარმოებას გაასამმაგებს

კარგა ხანს "ფორდი" იგნორირებას უკეთებდა იმ ფაქტს, რომ ჩინეთში სწრაფი ტემპებით ვითარდება ეკონომიკა, კერძოდ კი ავტოინდუსტრია. და აი, პეკინის ავტოსალონზე "ჩანგან ფორდის" პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა რონ ნაიეკმა განაცხადა, რომ "ფორდმა" თავის პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა ახლო მომავლის სამოქმედო გეგმა, რომელიც ჩინეთის ბაზარზე 1 მილიარდი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებს. ამ ინვესტიციის დიდი ნაწილი მოხმარდება ჩონქინგის ქარხნის მოდერნიზებას, რომლის საწარმოო მოცულობაც 20 ათასიდან 150 ათას ავტომობილამდე (წლიურად) გაიზრდება. გარდა ამისა, განიხილება ნანძინში კიდევ ერთი ქარხნის აშენების შესაძლებლობა.

პარალელურად, "ფორდმა" ავტოსალონზე წარადგინა თავის კუთვნილებაში მყოფი ორი ინგლისური ლუქსის ბრენდის, "ასტონ მარტინისა" და "იაგუარის" მოდელები. რამდენადაც ჩინეთში სულ უფრო მეტი მოთხოვნაა მაღალი კლასის ავტომობილებზე, "ცისფერი ოვალი" იმედოვნებს, რომ ამ ორი მარკის პროდუქცია იქ მალე მოიპოვებს პოპულარობას. ჩინეთში უკვე წარმატებულად მოღვაწეობს "ფორდის" კიდევ ერთი ბრენდი, შვედური "ვოლვო". რაც შეეხება იაპონურ "მაზდას" (ისიც ამერიკულ კორპორაციაში შედის), ეს კომპანია წლეულს ჩინეთში 100 ათას ავტომობილს გაჰყიდის.

ნაიეკი ვარაუდობს, რომ წლეულს "ფორდი" ჩინური ავტობაზრის 7-10 პროცენტს აითვისებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ სპეციალისტები წლეულს იქ სულ 5 მილიარდამდე ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობენ, "ფორდის" ჯგუფის წილად 350 ათას ავტომობილამდე მოვა.

პეკინშივე "ფორდმა" პირველად წარმოადგინა ავტომობილის კონცეფცია, რომელიც უშუალოდ ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ესაა სრულიად ახალი სედანი "ფორდ ფოკუსი", რომლის კონცეფცია პირველად შანხაის ავტოსალონზე იხილა ჩინელმა ავტომოყვარულმა. სედანი საგრძნობლად გრძელია იმ ჰეჩბეკზე, რომელიც ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე იყიდება. ამასთან, "ცისფერი ოვალის" მესვეურები ირწმუნებიან, რომ "ფოკუსის" სედანი მხოლოდ ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.

ახალ "ფოკუსში" იგრძნობა მისი წინამორბედის გავლენა. პირველი "ფოკუსი" კომპანიის დიზაინერების მიერ შემუშავებულ სტილში, სახელად "ნიუ ეჯ" (ახალი წახნაგები) შესრულდა და მაშინ მან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა, სტილმა რომ გაამართლა, ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მას მოგვიანებით ბევრმა კონკურენტმა მიბაძა.

ახალი "ფოკუსი" იმავე პლატფორმაზე დამზადდება, რომელიც გამოიყენება "მაზდა3"-ისა და "ვოლვო შ4"-ისთვის. ამასთან, სპეციალურად მისთვის, განხორციელდება საკიდარის მოდერნიზაცია. ახალი ავტომობილი დაკომპლექტდება სამი ბენზინისა და ორიც დიზელის ძრავით, რომელიც "ფორდისა" და "პეჟო/სიტროენის" ინჟინერთა ერთობლივი შემოქმედების ნაყოფია.

ჩამორჩენას არც სხვები აპირებენ

დანარჩენთაგან უპირველესია "ფოლკსვაგენი", რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში ჩინურ ავტოინდუსტრიაში 5 მილიარდ ევროს დააბანდებს. ამ თანხიდან 540 მილიონი ევრო ორი ახალი ქარხნის აშენებაზე დაიხარჯება, რომელთაგან ერთი ავტომობილებს გამოუშვებს, მეორე კი საავტომობილო აგრეგატებს.

საავტომობილო ქარხანა შანხაის სიახლოვეს, ქალაქ ლინ განში აშენდება და იგი დაახლოებით 240 მილიონი ევრო დაჯდება. მისი მშენებლობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, ორ-სამ წელიწადში დასრულდება. ლინ განის ქარხნის ნომინალური სიმძლავრე წლიურად 150 ათასი ავტომობილი იქნება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, იგი ორჯერ მეტი ავტომობილის გამოშვებასაც შეძლებს. აღსანიშნავია, რომ აქ წარმოებული ავტომობილების უმეტესობა ექსპორტზე, მეზობელ ქვეყნებში წავა.

"ფოლკსვაგენი" კიდევ ერთ ქარხანას (ძრავების წარმოებისთვის) "შანხაი ოტომოტივთან" ერთად ააშენებს ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის ქალაქ დალიანში. აქ წლიურად 300 ათასი ძრავი დამზადდება. გარდა ამისა, "ფოლკსვაგენი" დიდ ყურადღებას უთმობს მაკომპლექტებელი ნაწილების დიდი ნაწილის ჩინეთშივე დამზადებას, რამაც დადებითი გავლენა უნდა იქონიოს საბოლოო პროდუქტის (ავტომობილის) ფასზე. და კიდევ, ვოლფსბურგელები ("ფოლკსვაგენის" შტაბ-ბინა ქალაქ ვოლფსბურგში მდებარეობს) კარგა ხანია ფიქრობენ ჩინეთში თავიანთი ჩეხური დივიზიონის, "შკოდას" ავტომობილების წარმოების დაწყებაზეც.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლის მონაცემებით, ჩინურ ბაზარზე "ფოლკსვაგენის" წილი 30-დან 26.4 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, ეს მაჩვენებელი ფარდობითია, რადგან იმავე პერიოდში გერმანული კონცერნის გაყიდვების საერთო რაოდენობა წინა წელთან შედარებით 40 პროცენტით გაიზარდა და 694 ათასს მიაღწია. აქედან "ფოლკსვაგენის" მიერ იმპორტირებულ ავტომობილთა რაოდენობამ 298 ათასი შეადგინა, "შანხაი ფოლკსვაგენის" წილი კი 396 ათასია.

2005 წლიდან ჩინეთში ავტომობილების წარმოებას დაიწყებს
"დაიმლერკრაისლერიც", რომელიც იმედოვნებს, რომ მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში გაყიდვების მოცულობას 50 ათასამდე აიყვანს. წლეულს კონცერნი სულ 14 ათასი ცალი ავტომობილის გაყიდვას იმედოვნებს.
შარშანდელთან შედარებით, გაყიდვების 20-პროცენტიან ზრდას იმედოვნებს ფრანგული კონცერნი "პეჟო/სიტროენი". მისი ხელმძღვანელობის განცხადებით, დაგეგმილია ავტომობილების ფასის "ადგილობრივი ბაზრის საერთო დინამიკის პროპორციულად შემცირება" და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, რეალიზებული ავტომობილების რაოდენობა წლის ბოლოს 124 ათასს მიაღწევს.

დღეისათვის ფრანგულ კონცერნთან თანამშრომლობს ჩინური ავტოკომპანია "დონფენგ მოტორსი". მათი ერთობლივი საწარმო დღეისათვის მხოლოდ "სიტროენის" მოდელებს ("იქსსარა", "პიკასო" და სხვა) უშვებს, წლის ბოლოს კი "პეჟოს" მოდელების წარმოებასაც შეუდგება. პარტნიორები უახლოეს წლებში სოლიდური ინვესტიციების განხორციელებას აპირებენ, რომელთა შედეგადაც ერთობლივი საწარმო 2007 წლისთვის წლიურად 300 ათასი ავტომობილის წარმოებას შეძლებს.

საერთო ჯამში, პეკინის ავტოსალონის მონაწილე კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთში განახორციელებენ დაახლოებით 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, რისი წყალობითაც 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოსთვის ქვეყანაში ავტომობილების გაყიდვები 6 მილიონს გადასცდება. იმავე, 2010 წლისთვის ჩინური ავტოსაწარმოები წლიურად მინიმუმ 2.7 მილიონი ავტომობილის გამოშვებას შესძლებენ.

მერაბ ლორთქიფანიძე