ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ADIDAS - უდიდესი ტრიუმფის სიმბოლო
#3(3), 2004
მრავალი მონათხრობი ადი დასლერზე იწყება სიტყვებით: "იგი გახლდათ კარგი, თავმდაბალი ადამიანი." მას არასოდეს უყვარდა ზედმეტი ხმაური საკუთარი პერსონის ირგვლივ. ბევრმა დღესაც არ იცის, რომ სახელგანთქმული სავაჭრო ნიშანი "ადიდასი" მისი დამაარსებლის სახელისა და გვარისგან წარმოდგება...

გენიოსი და მისი ძმა

ხაბაზი, მეწაღე და მეწარმე ადი (ადოლფ) დასლერი დაიბადა 1900 წლის 3 ნოემბერს. იგი გახლდათ კრისტოფ და პაულინა დასლერების ვაჟი. სპორტული სულისა და ფანტაზიის შერწყმამ ადი დასლერს საშუალება მისცა შეექმნა საფირმო ნიშანი, რომელსაც დღემდე სათუთად იცავენ. მასში აქამდეა შენარჩუნებული დასლერის გამორჩეული პირადი თვისებები. ადი დასლერის ფირმამ სპორტის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა და იმავდროულად მრეწველობაც გამოაცოცხლა.

ყოველივე ეს მართალია, მაგრამ მას თავში არასოდეს მოსვლია აზრად სამყარო შეეცვალა. "ამას აკეთებდა არა ფულის გამო, უბრალოდ სურდა კარგი ფესსაცმელი შეეკერა, - ამბობენ ისინი, ვინც მას ძალიან კარგად იცნობდა. - ერთადერთი მნიშვნელოვანი მისთვის სპორტი გახლდათ". ადი დასლერს უყვარდა შეექმნა და საკუთარი იდეებისათვის სული შთაებერა. მარკეტინგი, ვაჭრობა, მოგება მისთვის მხოლოდ საშუალება იყო მიზნების მისაღწევად.
პირადი მეგობრობა სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, შექმნა ახლისა, მუდამ სრულყოფა უკვე არსებული პროდუქტებისა, სპორტის თითქმის ყველა სახეობით დაინტერესება _ აი, რას მიუძღვნა საკუთარი ცხოვრება ადი დასლერმა.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ადი დასლერმა გადაწყვიტა თავისი პირველი, ხაბაზის პროფესია მიეტოვა. ამის მაგიერ მიზნად დაისახა მეწაღის პროფესიას დაუფლებოდა. დაბალ ფასებში მან არალიკვიდური სამხედრო ფეხსაცმლის მარაგი შეიძინა და ის გამოიყენა თავისი საქმის დასაწყებად დედის სამზარეულოში.... ადიმ შეკერა სპორტული ფეხსაცმლის პირველი წყვილი შავი კბილებით ძირებზე, რომელიც მეგობარმა-მჭედელმა ხელით გამოჭედა.

1923 წელს 23 წლის ადიმ თავისი ძმა რუდოლფი დაარწმუნა, რომ ეს საქმე ერთად ეწარმოებინათ. 1924 წლის ივლისის დასაწყისში მათ რეგისტრაციაში გაატარეს თავიანთი პატარა საწარმო სახელწოდებით "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა ჰერცოგენაურაჰში". ძმებს ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათებით გამოარჩევდით: წყნარი, ჩაფიქრებული ადი _ იდეების გენერატორი იყო, ხოლო რუდოლფი _ ცოცხალი ბუნების, რომელსაც ურთიერთობა უყვარდა, მოწოდებით გამყიდველი იყო. იმ დროს ისინი კარგად ავსებდნენ ერთმანეთს. ახალგაზრდა ფირმის ერთბაშად ზრდას წინ ვერ აღუდგა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ძმებმა 1930 წელს შეიძინეს იმ ფაბრიკების შენობები, რომლებიც იჯარით აიღეს 1927 წელს. ისინი დედის სამზარეულოში "გაიზარდნენ".

1928 წელს ამსტერდამის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდნენ სპორტსმენები, რომელთაც ადი დასლერის ნახელავი ფეხსაცმელები ეცვათ. ოთხი წლის შემდეგ არტურ იონატი დასლერის სპორტულ ფეხსაცმელში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 100 მეტრზე სირბილში. ამ წარმატებამ დააჩქარა დასლერების საწარმოს გასვლა მსოფლიო სპორტულ არენაზე. 1935 წელს დასლერების ფირმის მოგებამ გერმანული რეიხის 400.000 მარკას გადააჭარბა. გერმანელ მძლეოსანთა უმეტესობა ძმები დასლერების სპორტულ ფეხსაცმელში გამოდიოდა. ბერლინის ოლიმპიურ თამაშებზე 1936 წელს ლეგენდარულმა ამერიკელმა სპორტსმენმა ჯესი ოუენსმა მოიპოვა 4 ოქროს მედალი და 5 მსოფლიო რეკორდი დაამყარა _ ეს არნახული წარმატება მან დასლერის სპორტული ფეხსაცმლის წყალობით მოიპოვა! 1938 წელს გაიხსნა დასლერების მეორე ფაბრიკა. საწარმო ყოველდღიურად 1000 წყვილ სპორტულ ფეხსაცმელს უშვებდა.

1939 წელს ნაცისტებმა დასლერების ფაბრიკებს კონფისკაციის საცეცები ჩასჭიდეს. ნაცისტურმა რეჟიმმა არც ადი დასლერი დაინდო. ამჯერად აქ ფეხსაცმლის მაგიერ მოითხოვდნენ ეწარმოებინათ ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარები, თუმცა ფაბრიკის აღჭურვილობა მსგავსი წარმოების ასამუშავებლად მოხერხებული არ იყო. ომის შემდეგ ფაბრიკა ხელში ამერიკელებმა ჩაიგდეს. აქ შეუკვეთეს ჰოკეის ციგურების წარმოება. ისევე, როგორც 25 წლის წინ ადი იძულებული იყო ნედლეული მოეპოვებინა არალიკვიდური სამხედრო მარაგებიდან, ომის დროს შეჩერებული საწარმო რომ კვლავ აემუშავებინა. ადის გამომგონებლობის ბრწყინვალე უნარმა უშველა. მან იმდენი შეძლო, რომ ძველი ბეისბოლის ხელთათმანებიდან, თოკებიდან, რეზინის მასალის ნარჩენებიდან კვლავინდებურად მშვენიერ ფეხსაცმელებს ქმნიდა.

"ადიდასის" დაბადება

1949 წელს ადოლფ დასლერმა შექმნა კომპანია "ადიდასის" სახელწოდებით (შემოკლებული სახელი "ადი" პლიუს გვარის პირველი სამი ასო "დას") და სამზოლიანი საფირმო ნიშნით. ადი დასლერი უდიდესი მონდომებით მუშაობდა თავისი პროდუქციის დასახვეწად, სრულყოფილების მისაღწევად. იგი გახლდათ პირველი მეწარმე, რომელმაც სპორტი გამოიყენა საკუთარი სიახლეების წარსადგენად ფართო საზოგადოებისთვის. იგი ცნობილი სპორტსმენების დაინტერესებასაც კი ახერხებდა საკუთარი ნაღვაწის ფართოდ რეკლამირებისთვის. მრავალი ცნობილი სპორტსმენი _ ჯესი ოუენსი, მუჰამედ ალი, ფრანც ბეკენბაუერი დასლერების ოჯახის მეგობრები გახდნენ. იგი ესწრაფვოდა ყველა სპორტსმენი, ნებისმიერი სპორტული სახეობის წარმომადგენელი უზრუნველყოფილი ყოფილიყო საუკეთესო სარისხის ფეხსაცმლით.

"Aდიდას" დაარსების დღიდანვე ოჯახური საწარმო გახდა, სადაც საქმეებს ადი ხელმძღვანელობდა. რაღაც დროის შემდეგ ძმებს შორის აზრთა სხვადასხვაობამ იჩინა თავი. რამდენიმე წლის შემდეგ ადის ძმა რუდოლფი თავის საკუთარ ფირმას ქმნის სახელწოდებით "Pუმა". სწორედ "Pუმა" გახდება წლების მანძილზე და დღემდეც "ადიდასის" ერთ-ერთი უმთავრესი და წარმატებული კონკურენტი. მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში პელემ "პუმას" ფეხსაცმელებით ითამაშა...

მაგრამ ეს _ მოგვიანებით. მანამდე კი "ადიდასის" ერთ ტრიუმფს მეორე მოსდევდა. 1952 წელი _ "ადიდასი" ყველაზე ცნობილი სპორტული ფეხსაცმლის მარკაა ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე. მას ატარებდა სპორტსმენთა უმეტესობა, მათ შორის იყო ლეგენდარული ემილ ზატოპეკი. მან ერთი კვირის განმავლობაში სამი ოქროს მედალი მოიპოვა: გაიმარჯვა 5000, 10000 მეტრზე და მარათონულ რბენაში; 1956 წელი _ ოლიმპიურ თამაშებზე მელბურში მედალისტების 75%, ე.ი. სამი მეოთხედი ატარებდა სპორტულ ფეხსაცმელს სამი ზოლით; 1964 წელი _ ოლიმპიურ თამაშებზე ტოკიოში სპორტსმენთა 80% ატარებდა ფეხსაცმელს სამი ზოლით; 1968 წელი _ მეხიკოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსანთა 85% "ადიდასის" ფეხსაცმელს ატარებდა. ათლეტებმა რომლებმაც "ადიდასი" წარადგინეს, მოიპოვეს 37 ოქროს, 35 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი. "ადიდასით" ეკიპირებულ გამარჯვებულთა შორის არიან დიკ ფოსბერი, რომელმაც ახალი ტექნიკის წყალობით თავისი მაჩვენებლით სიმაღლეზე ხტომაში რევოლუცია მოახდინა _ 2 მეტრი და 24 სმ, და ბობ ბიმონი, რომელმაც დაამხო მსოფლიო რეკორდი სიგრძეზე ხტომაში ერთბაშად 61 სანტიმეტრით; 1971 წელი _ მუჰამედ ალი და ჯო ფრეზერი "ასწლეულის ორთაბრძოლაში" შეხვდნენ ერთმანეთს. ორივენი შემოსილნი იყვნენ ადი დასლერის მიერ სპეციალურად შექმნილი მოკრივეთა ჩექმებით; 1972 წელი _ ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი "ადიდასის" ისტორიაში _ მიუნხენში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე "ადიდასი" პირველად გახდა ოფიციალური სპონსორი. ათლეტთა 78% ამ საფირმო ნიშნის მქონე სპორტულ ფეხსაცმელს ატარებდა შეჯიბრებათა ყველა სახეობაში. მძლეოსნებმა, რომლებმაც "ადიდასი" წარადგინეს _ მოიპოვეს 35 ოქროს, 37 ვერცხლის, 35 ბრინჯაოს მედალი. უკლებლივ ყველა შემდგომ ოლიმპიადაზე "ადიდასის" მარკა ღირსეულად არის წარმოდგენილი და უამრავი სპორტსმენი, რომელიც "ადიდასს" ნდობას უცხადებს, ჩემპიონი ან პრიზიორი ხდება. სეულის 1988 წლის ოლიმპიადაზე "ადიდასის" ფორმით გამოსულმა სპორტსმენებმა 124 ოქროს მედალი მოიპოვეს!

1974 წელს გერმანიის ეროვნული ნაკრები ფეხბურთში "ადიდასის" ფეხსაცმელში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩემპიონატის მონაწილეთა უმეტესობა _ 80% "ადიდასის" ფეხსაცმელს ატარებდა; 1990 წელი _ გერმანიის ნაკრები "ადიდასის" სრული ეკიპირებით კვლავ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში; 1998 წელს კი "ადიდასის" მიერ დასპონსორებული საფრანგეთის ნაკრები ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 3:0 ამარცხებს Nიკე-ს დასპონსორებულ ბრაზილიის ნაკრებს.

"ადიდასის" წარმატებების სრული ჩამოთვლისათვის ერთი სტატიის მოცულობა ნამდვილად არ კმარა.

"ადიდასის" 50-წლიანი მოღვაწეობის შედეგი _ უნიკალური გამოცდილება, დეტალური ცოდნა გახლავთ იმის თაობაზე, თუ როგორ ახდენს ადამიანის სხეული რეაგირებას ექსტრემალურ პირობებზე, იქნება ეს დაძაბულობა, სტრესი, სიცხე, სიჩქარე, გადატვირთვა. "ადიდასის" სახელით გამოშვებული პროდუქცია შემუშავებულია ისე, რომ ორგანიზმს მაქსიმალურ შესაძლებლობას აძლევს თვითრეალიზაციისთვის. ადამიანის სხეულის ფიზიოლოგიის ცოდნა, მისი მოთხოვნილებები საშუალებას იძლევა ისეთი საშუალებების შექმნისა, რომლებიც უზრუნველყოფენ მაქსიმალურ დაცვას და ჰიგიენას, რომლებიც სრულ ჰარმონიაშია მოცემული ორგანიზმის ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან. ყოველივე ეს კი იძლევა უმნიშვნელოვანეს შედეგებს.
ადი დასლერის ყოველი დღე ფაბრიკის ჩამოვლით იწყებოდა, ბლოკნოტით ხელში, რომ მრავალრიცხოვანი იდეები ჩაეწერა. ხელქვეითნი მას "შეფს" უწოდებდნენ. ადის პირადმა და პროფესიულმა თვისებებმა კოლეგების პატივისცემა დაიმსახურა. იგი ქმნიდა ახალ ფეხსაცმელს, ბურთებს, ეკიპირებას, აქსესუარებს. ის გამოიმუშავებდა მილიონებს, თუმცა ამას განიხილავდა როგორც სასიამოვნო, უკუჩვენებით ეფექტს. როგორც ყოველთვის, პატიოსნად ოფლს ღვრიდა, შრომობდა, რომ საუკეთესო სპორტული საქონელი შეექმნა. მისთვის სპორტი და კონკურენტუნარიანობა ფულზე უფრო მნიშვნელოვანი გახლდათ. ადი დასლერი სიცოცხლის ბოლომდე, 1978 წლამდე უძღვებოდა თავის საყვარელ საქმესა და კომპანიას.

მეუღლე

მაშინ, როცა ადი ახალ-ახალ იდეებზე და მათ ხორცშესხმაზე ფიქრობდა, იმავდროულად, მისი მეუღლე კეტე ადმინისტრაციულ სამუშაოს ხელმძღვანელობდა და პასუხს აგებდა ფინანსებზე. თუ ქმარი გახლდათ შემოქმედი და ფილოსოფოსი, ცოლი _ საწარმოს გენერალური მენეჯერი.
ადიმ თავისი მომავალი მეუღლე კეტე 30-იანი წლების დასაწყისში გაიცნო. იგი გახლდათ მეწარმისა და ადი დასლერის მასწავლებლის (ფეხსაცმლის წარმოებაში) მერცის ქალიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა ფაბრიკას "შმიტი და კო". წარმოსადეგი, სპორტული აღნაგობის ადისა და ნორჩ კატარინა-მერც-კეტეს შორის "პროვინციული რომანი" განვითარდა.

თავდაპირველად, ისინი ახლოს გაცნობას არც კი აპირებდნენ. ერთხელ საერთო მეგობარმა ისინი კინოში მიიწვია, სადაც მელოდრამა გადიოდა. მათ ურთიერთლტოლვა იგრძნეს და მალე ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინათ. გაცნობიდან რამდენიმე თვის შემდეგ ადიმ საკუთარი გული და სიცოცხლე შესთავაზა კეტეს. ქორწილი 1934 წლის 17 მარტს შედგა. სულ მალე დაიბადნენ ჰორსტი, ინგა, კარინა. მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინათ. იმ მძიმე წლებში, ოჯახის გამოსაკვებად, კეტე დასლერმა ბოსტანი მოაშენა, საქონელსაც უვლიდა.

მიუხედავად ამისა, შეცდომა იქნება კეტეს მხოლოდ სანიმუშო დიასახლისი ვუწოდოთ. ომის დასრულების შემდეგ იგი საწარმოშიც ძალიან ბევრს მუშაობდა. უდიდესი წვლილი შეიტანა "ადიდასის" აღდგენაში. ქმარი საინჟინრო შემოქმედებით, საერთო კონცეფციებით იყო დაკავებული, ხოლო კეტემ საკუთარ ხელში აიღო წარმოების მართვის სადავეები. მისი ეპარქია _ ფინანსური საქმეები გახლდათ. მენეჯმენტში საკუთარი პროფესიონალიზმი მან მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც დაამტკიცა. სწორედ იგი ხელმძღვანელობდა საწარმოს 1978-დან 1984 წლის ჩათვლით, თავისი სიძის ალფ ბენტეს მხარდაჭერით. ადი დასლერის ღირსეული თანამეცხედრე კეტე 1985 წელს გარდაიცვალა.

მემკვიდრეები

მშობლები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შვილების განათლებას. თავიდანვე ივარაუდებოდა, რომ ვაჟი ჰორსტი და მისი ოთხი დაიკო მშობლებისაგან "ადიდასის" მართვას გადაიბარებდნენ. ადის ყველა შვილმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ასეთი იყო მშობლების სურვილი. ეს გადაწყვეტილება რამდენად შორსმჭვრეტელური აღმოჩნდა, კარგად სჩანს ერთ-ერთი ქალიშვილის, ბირგიტის მაგალითზეც. მან კარგად შეისწავლა რუსული ენა და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა "ადიდასის" საქმეები აღმოსავლეთ ევროპაში ეწარმოებინა. იმდენად თავდადებით მოღვაწეობდა, რომ "ცივი ომის" უმძიმეს წლებშიც კი კომუნისტური ბანაკის ქვეყნების ათლეტები უარს არ ამბობენ "ადიდასის" სპორტული ნაწარმის გამოყენებაზე!

80-იანი წლების დასაწყისში აშკარად გამოჩნდა, რომ ადის ვაჟი _ ჰორსტი "ადიდასის" ხელმძღვანელი გახდებოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მან საწარმოს შტაბ-ბინაში (ჰერცოგენაურაჰში) საქმეთა წარმოება გადაიბარა. სულ მალე იგი მიხვდა, რომ "ადიდასი" დაუნდობელ კონკურენციას გაუმკლავდებოდა მხოლოდ საწარმოს ძირეული რეორგანიზაციის შემთხვევაში. "ადიდასის" ნაწარმის ერთბაშად გაძვირებამ მოგების მკვეთრი დაცემა გამოიწვია. თუკი ადრე საწარმო მთავარ ყურადღებას აქცევდა წარმოებას, დადგა დრო ფასების სისტემისთვისაც მიექციათ ყურადღება, ანუ აქცენტებმა მარკეტინგის სასარგებლოდ გადაინაცვლა. დედის გარდაცვალების შემდეგ, 1985 წელს ჰორსტ დასლერი საწარმოს ხელმძღვანელი გახდა. იგი იმ დროისათვის სპორტის სამყაროში ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ჰორსტი დაეყრდნო ცნობილი ფირმა-კონსულტანტის გამოკვლევებს "ადიდასის" საქმეებში და პირველი ნაბიჯები გადადგა საწარმოს რეფორმისაკენ. მოულოდნელმა გარდაცვალებამ მას ხელი შეუშალა ბოლომდე განეხორციელებინა ეს გრანდიოზული პროექტი. ჰორსტ დასლერი 1987 წელს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰორსტის გარდაცვალების შემდეგ საწარმოს საქმეები მისმა დებმა გადაიბარეს, მაგრამ სწრაფად მიხვდნენ, რომ იმ წარმატებამ, რომელიც მათ მშობლებსა და ძმას თან სდევდათ, ზურგი შეაქცია. 1989 წელს დებმა თავიანთი აქციების 80% სულ რაღაც 440 მილიონ გერმანულ მარკად მიჰყიდეს ფრანგ მეწარმეს ბერნარდ ტაპის. "ადიდასის" განვითარებაში ახალი ერა დაიწყო! ბერნანდ ტაპი დაპირებას იძლეოდა კომპანიაში 100 მილიონი დოლარი დაებანდებინა; მაგრამ ავანტიურისტი მეწარმე, რომელიც ფლობდა საფეხბურთო კლუბს "მარსელი-ოლიმპიკს", უდიდეს ხმაურიან სპორტულ სკანდალებში აღმოჩნდა ჩათრეული. იგი მოწინააღმდეგე კლუბების მოსყიდვაში  დაადანაშაულეს და ციხეში უკრეს თავი. ბერნანდ ტაპის ფირმა გაკოტრებულად გამოაცხადეს და "ადიდასი" კრედიტორების ხელში გადავიდა. შემდგომი რამდენიმე წელიწადი მართლაც რომ კოშმარული გახლდათ ფირმისთვის: 1992 წლისთვის ფირმის დანაკარგმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია.

ამგვარ სატირალ მდგომარეობაში მყოფი კომპანია კრედიტორებისაგან – რამდენიმე ფრანგული ბანკისგან 1993 წლიდან ჩაიბარა დღევანდელმა გენერალურმა დირექტორმა რობერ ლუი დრეიფიუმ. მან შეძლო ახალი ძალები შთაებერა "ადიდასის" ცხოვრებაში. ეს კი მოახერხა აგრესიული მარკეტინგისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით. ნიმუშად აიღო Nიკე-სა და ღეებოკ-ის მუშაობის სქემა, იმავდროულად ამ ფირმებიდან გადმოიბირა საკმაო რაოდენობის მენეჯერები და დიზაინერები.

"ადიდასი" დღეს

1997 წელს "ადიდასმა" შეიძინა ჯგუფი შალომონ. ამიტომაც კომპანიის სახელი შეიცვალა: იგი იწოდება როგორც Aდიდას-შალომონ AG. ამ კომპანიის მოღვაწეობის მასშტაბებზე მეტყველებს შემდეგი რიცხვები: 2001 წელს კომპანიის საერთო ბრუნვამ შეადგინა 6,11 მილიარდი ევრო (მაშინდელი კურსით _ 5,5 მილიარდი დოლარი), სუფთა მოგება კი იმავე პერიოდში 208 მილიონი ევრო (187 მილიონი დოლარი) იყო.

დღეისათვის კომპანიის წილი სპორტული საქონლის მსოფლიო ბაზარზე 15%-ს შეადგენს. Aდიდას-შალომონ AG-ში დასაქმებულია 14000 თანამშრომელი. 3000-ზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კომპანიის ორ ძირითად ცენტრში _ ჰერცოგენაურაჰის შტაბ-ბინაში (გერმანია) და საოპერაციო ცენტრში ქ. პორტლენდში (აშშ, ორეგონის შტატი). კვლევითი ცენტრი განთავსებულია პორტლენდში და შინფილდში (გერმანია), სადაც მოღვაწეობენ დიზაინერთა, ინჟინერთა ჯგუფები, ექსპერტები ბიომექანიკის დარგში, რომლებიც ფეხსაცმლის ახალ მოდელებზე, ეკიპირებაზე და მათ გამოცდებზე მუშაობენ.

კომპანია მუშაობს 100-ზე მეტი ფილიალის, ერთობლივი საწარმოს, წარმომადგენლობის მეშვეობით, რომლებიც განთავსებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. კომპანიის დისტრიბუციის პოლიტიკა ეფუძნება მსოფლიოს 5 რეგიონად დაყოფას: ევროპა-ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ჩრდილოეთი ამერიკა, ლათინური ამერიკა. კომპანიის მიერ წარმოებული საქონლის შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში.

"ადიდასის" ერთ-ერთი პრინციპია ევროპული წარმოების განვითარება, მაგრამ კომპანიის ახალმა ხელმძღვანელობამ უარი არ თქვა იაფფასიან მუშახელზე მესამე სამყაროს ქვეყნებში. საერთო ტენდენციების მიხედვით, "ადიდასმა" აქცენტი გააკეთა მარკეტინგზე: ამჟამად ფირმა, ისევე როგორც მისი ძირითადი კონკურენტები, ფეხსაცმელს უშვებენ აგრეთვე ინდონეზიის, ჩინეთის, ტაილანდის საწარმოებში. თვით ადი დასლერმა თავის დროზე 700-ზე მეტი სიახლე დააპატენტა. სადღეისოდ მხოლოდ იახტსმენებსა და საცხენოსნო სპორტის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ "ადიდასის" მიერ გამოშვებული ეკიპირება.

"ადიდასის" ისტორია _ არა მარტო კომერციული წარმატების, არამედ უწყვეტი გამოგონებების ისტორიაც გახლავთ. სირბილისთვის განკუთვნილი ყველაზე მსუბუქი ფეხსაცმელი მხოლოდ 96 გრამს იწონის და იგი სწორედ "ადიდასმა" აწარმოა. იგი არა მარტო მოსახერხებელია სპორტული მიღწევებისათვის, არამედ სპორტსმენს ტრამვებისგანაც იცავს. 1999 წელს კომპანიამ გაყიდა 80 მილიონზე მეტი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და 150 მილიონი სხვადასხვა ელემენტი სპორტული ტანსაცმლისთვის. ევროპაში "ადიდასი" უდაო ლიდერია სპორტული საქონლის წარმოებაში.

"ადიდასი" გახლდათ ოფიციალური პარტნიორი, ოფიციალური მომმარაგებელი, ოფიციალური ლიცენზიანტი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთში. კომპანია თანამშრომლობს სახელგანთქმულ სპორტსმენებთან _ ზინედინ ზიდანთან, დევიდ ბექჰემთან, რაულთან, მარტინა ჰინგისთან, კობე ბრაინტთან, ჰეილი გებრესელასთან და მრავალ სხვასთან. "ადიდასის" სამი ზოლი გახლავთ იმათი სიმბოლო, ვინც მიეჩვია მოქმედებას, ვინც იცის გამარჯვებათა უპირატესობა და ვინც ტრიუმფისაკენ ისწრაფვის. ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აქტიურ სტილს ირჩევენ, "ადიდასის" სტილით ცხოვრობენ...

ჯერ კიდევ 1993 წელს რობერ ლუი დრეიფიუ ამბობდა _ "ვიზრუნებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ ჩვენი ძალისხმევის გაფანტვა. ვაცხადებთ ჩვენს მთავარ ბიზნეს-სტრატეგიად სპორტისთვის საუკეთესო საქონლის წარმოებას, რომლებიც წარვადგინეთ ისე, რომ ადამიანის გონებაში ასოცირება გამოიწვიოს მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებთან".

ნიშანდობლივია, რომ 80 წელზე მეტი ხანია, რაც კომპანია "ადიდასი" სპორტის სამყაროში წარმატების სიმბოლოს წარმოადგენს. რომელი სპორტსმენი და ლეგენდა უნდა დავასახელოთ: ჯონ სტარკი, ემილ ზატოპეკი, ეუსებიო, ბობი მური, ბობ ბიმონი, მუჰამედ ალი, ჯო ფრეზერი, მიშელ პლატინი, სტეფან ედბერგი, შტეფი გრაფი, გუნდე სვანი... მათი ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. შემთხვევითი არ არის ის ფაქტორიც, რომ ავღანეთში გაგზავნილი დესანტი იხდიდა მძიმე სამხედრო ჩექმებს და ჯარისკაცები იცვამდნენ "ადიდასის" მიერ წარმოებულ სპორტულ ფეხსაცმელს. ვინ იცის, მოგებულმა წამებმა რამდენი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა გააფთრებული ბრძოლებისას!

"ადიდასი" _ ეს არის სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აქსესუარები. ფირმის ძირითადი  კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ ყველას შესთავაზოს ისეთი ფეხსაცმელი და ეკიპირება, რომელიც საშუალებას იძლევა გააუმჯობესონ სპორტული მიღწევები. ამჟამად არსებობს "ადიდასის" სამი განყოფილება: Fორევერ შპორტ, Oრიგინალს და Aდიდას Eქუიპმენტ, რომლებიც კომპანიის გაყიდვის მოცულობის 79% უზრუნველყოფენ. "ადიდასი" ცალკე აღარ მოღვაწეობს: იგი დიდ ოჯახად გარდაიქმნა. აქ შედიან სავაჭრო მარკა შალომონ (სამთო თხილამურები, სამთო სათხილამურო ფეხსაცმელები, სამაგრები, აქსესუარები, ტანსაცმელი, ტურიზმისთვის განკუთვნილი ფეხსაცმელი), Mავიც (დეტალები ველოსიპედებისთვის), ჩლიცჰე (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მოწყობილობანი სკეიტბორდინგისთვის), Bონფირე (ტანსაცმელი სნოუბორდისტებისთვის),  Aრც თერყხ (აღჭურვილობა და ეკიპირება ალპინიზმისათვის). ამ მარკების წილად გაყიდვის მოცულობის 12% მოდის. ჯგუფი თაყლორ Mადე Aდიდას Gოლფ აწარმოებს ყველაფერს გოლფისათვის.

2002 წლიდან დაწყებული "ადიდასმა" ასევე მიიღო უფლება ბაზარზე წარედგინა ისეთი მარკის საქონელი, როგორებიცაა Mახფლი და შლაზენგერ Gოლფ. ჯგუფი თაყლორ Mადე Aდიდას Gოლფ  უზრუნველყოფს გაყიდვების მოცულობის 9%-ს.

ლეგენდები

ბოლოს კი კვლავ ადი დასლერს დავუბრუნდეთ. მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ისტორია იმდენად დაუჯერებელია, რომ ლეგენდების ელფერი შეიძინეს. აი, რამდენიმე მათგანი:

ადი დასლერი თავისი ფაბრიკის თანამშრომლებში იმით იყო სახელგანთქმული, რომ წამის მეათედებში, ლამის შეხედვის გარეშეც კი, შეეძლო "გამოეჭირა" ერთადერთი წყვილი წუნიანი ფეხსაცმელებისა მთელი კონვეიერული ნაკადიდან. მუშებში გაჩნდა პატივისცემა, რომელიც იმავდროულად შიშთან იყო შერწყმული. ცუდად შეკერილი ფეხსაცმლის აღმოჩენის გამო დასლერი ხშირად აწყობდა უჩვეულო აღმზრდელობით ღონისძიებებს: ადი დამნაშავე მუშაკს თავაზიანად სთხოვდა ხოლმე, ჩაეცვა ეს ცუდად შეკერილი ფეხსაცმელი და ევლო წინ და უკან. ამგვარი ღონისძიებებიდან მიღებული მტკივნეული შეგრძნებების წყალობით თანამშრომლები სწრაფად სწავლობდნენ ჭკუას და წყვეტდნენ "გახალტურებას" თავიანთ მუშაობაში!

***

ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე ადიმ შემთხვევით გაიცნო ერთ-ერთი ცნობილი საფეიქრო ფაბრიკის მფლობელი. დასლერმა ყოველგვარი დაძალების ტონის გარეშე სთხოვა მას: "ხომ არ შეგიძლიათ ჩემთვის ათამდე სპორტული კოსტიუმი შეკეროთYსამი ზოლის თანხლებით, არა, უკეთესია ასამდე? უკეთესია 1000..." სულ მალე ამის შემდეგ ამ საფეიქრო ფაბრიკის მფლობელმა ვილი ზელტენრაიხმა ყველა დანარჩენ კლიენტს შეკვეთებზე უარი განუცხადა და მხოლოდ "ადიდასისთვის" კერავდა კოსტიუმებს!

***

ადი არასოდეს იღებდა მონაწილეობას დიდ სპორტულ ღონისძიებებში ევროპის ფარგლებს გარეთ. ამის მაგიერ თავის თანამშრომლებს აგზავნიდა, რომ სპორტსმენებზე მათ ეზრუნათ. 1976 წელს ოლიმპიური თამაშები მონრეალში ტარდებოდა. ადი 400 მეტრზე სირბილს ტელევიზიით ადევნებდა თვალს. მან გამოჩენილი კუბელი მორბენალის ალბერტო ხუანტორენას სირბილის დროს მის სპორტულ ფეხსაცმელს უცნაურობები შეამჩნია _ მისი გარეთა მხარე ოდნავ შესამჩნევად იბრიცებოდა. ადიმ სასწრაფოდ დარეკა მონრეალში და მომსახურე პერსონალს სპორტსმენის ფეხსაცმლის შემოწმება უბრძანა. გაირკვა, რომ კუბელმა დაუკითხავად გადაადგილა სპორტული ფეხსაცმლის ძირზე განლაგებული ინდივიდუალურად რეგულირებადი მოსახსნელი "შიპები", რაც ვერავინ შეამჩნია. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რაც სპორტსმენს გამოსვლაში ხელს უშლიდა. ყველაფერი დაარეგულირეს და ხუანტორენამ 400 და 800 მეტრზე სირბილში ოქროს მედლები მოიპოვა. ადი დასლერმა, 76 წლის მოხუცმა, ტელევიზორის ეკრანის მეშვეობით შეამჩნია სამყაროს დასალიერში ის, რისი შემჩნევაც სხვებმა მოვლენების შუაგულში ყოფნისას ვერ შეძლეს! ეს ფაქტი ადი დასლერის მართლაც რომ ფენომენალურ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. თამამად შეიძლება ადი დასლერისათვის სულ მცირე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მიგვენიჭებინა!

ვეფხია სამსონიძე