ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ეკონომიკური ურთიერთობების პოლიტიკური ტვირთი
#3(3), 2004
რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ყოველთვის პოლიტიკური გათვლების სიმძიმის ქვეშ ექცევა. ზოგი აცხადებს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის საფუძველი გახდება, სხვები კი პირიქით, უფრთხიან რუსეთის ეკონომიკურ აგრესიას. რუსი პოლიტიკოსები და ანალიტიკოსებიც ხშირად საუბრობენ საქართველოზე ზემოქმედების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაზე. ანუ, რაც უფრო ღრმა იქნება რუსეთთან ეკონომიკური კავშირები, მით უფრო მძლავრი დარტყმის მოყენება შეეძლება ჩრდილოეთელ მეზობელს. კარგი იქნება, თუ ეკონომიკა პოლიტიკური გათვლებისაგან განთავისუფლდება, მაგრამ, ეტყობა, ჯერჯერობით ეს ვერ მოხერხდება.

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად ეკონომიკურ ბლოკადაში მოექცა. გაწყდა კავშირები, რომლებიც მანამდე ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ცხადია, ეს მძიმე დარტყმა იყო საქართველოს ეკონომიკაზე. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებიდან რუსეთთან ეკონომიკური კავშირების აღდგენა დაიწყო. დღეისათვის ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია 50-მდე ეკონომიკური ხელშეკრულება. 1994-2003 წლებში რუსეთთან სავაჭრო საქონელბრუნვა 5,6-ჯერ _ 40 მილიონიდან 225 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, მათ შორის საქართველოს ექსპორტი გაიზარდა 5-ჯერ _ 14-დან 75,5 მლნ დოლარამდე.

რუსულ ბაზარზე კვლავ შედის ტრადიციული ქართული საქონელი _ ჩაი, ციტრუსები, დაფნის ფოთოლი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, სამკურნალო საშუალებები. იზრდება ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტიც, მაგრამ ამას ძალიან უშლის ხელს ფალსიფიცირების დიდი მასშტაბები. მაგალითად, 2003 წელს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით 10-ჯერ მეტი გაყალბებული იაფფასიანი პროდუქციაა რეალიზებული ქართული სასაქონლო ნიშნებითა და გეოგრაფიული დასახელებებით.

რა ადგილი უკავია რუსულ ბაზარს დღევანდელი საქართველოს
ეკონომიკისათვის? მთლიანობაში 2003 წელს საქართველოდან ექსპორტირებული 445 მილიონი დოლარის პროდუქციიდან რუსეთის წილად მოდის 76 მლნ, ანუ ჩვენი საერთო ექსპორტის 17 პროცენტი, მათ შორის: ექსპორტირებული ღვინის პროდუქციის _ 75 პროცენტი, მინერალური წყლების _ 80 პროცენტი.

რუსეთიდან საქართველოში შემოდის ენერგომატარებლები, ხორბალი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სხვა სტრატეგიული საქონელი. ბოლო დრომდე საქართველო წალეკა რუსეთიდან შემოდინებულმა კონტრაბანდულმა საქონელმა, რომლის გავრცელების ძირითადი არეალები სეპარატისტული რეგიონებია. ერგნეთის ბაზრობის აკრძალვას კი შედეგად მოჰყვა ვითარების უკიდურესად დაძაბვა ცხინვალის რეგიონში.

ტრადიციულად, ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც აღნიშნავენ ხოლმე, რომ რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და მსოფლიო სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებასთან ერთად აუცილებელია ამ ბაზრის შენარჩუნებაც. მაგრამ როგორ უნდა მოხერხდეს ეს გაუთავებელი პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების პირობებში, ძნელი სათქმელია.

საქართველოს ეკონომიკას რუსეთს მიჰყიდიან?

ქართულ მედიაში გრძელდება აჟიოტაჟი ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების _ გაზსადენების, ენერგოობიექტების, პორტების რუსეთისათვის მიყიდვას ითვალისწინებს. მიუხედავად განცხადებებისა, რომ ესაა პრივატიზაციის პროცესი და პოლიტიკა არაფერ შუაშია, თითქმის ყველასთვის ცხადია, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. ეკონომიკის რუსეთისათვის "ჩაბარების" სანაცვლოდ ხელისუფლება პოლიტიკურ დათმობებს ელის. თუმცა, დიდი შანსია იმისა, რომ კვლავ მოტყუებულები დავრჩებით.

ვარდების რევოლუციამდე დღეს ხელისუფლებაში მყოფი მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება დასავლურ ორიენტაციაზე უარის თქმის მცდელობა იყო. ამის დასტურად მიიჩნეოდა ხელისუფლების განზრახვა ქვეყნის ენერგეტიკა რუსეთისათვის ჩაებარებინა. "გაზპრომისათვის" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების მიყიდვა მიიჩნეოდა შაჰ-დენიზის პროექტისათთვის ზურგში დანის ჩარტყმად, რაც არა მარტო ეჭვქვეშ აყენებდა ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის მშენებლობას, არამედ ბოლოს მოუღებდა საქართველოს მცდელობას სამომავლოდ მაინც მოეპოვებინა ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რუსეთისაგან.

დღეს ვითარება, როგორც ჩანს, შეიცვალა. იგივე ძალები, რომლებიც ადრე "გაზპრომისათვის" სტრატეგიული ობიექტების გადაცემას ეწინააღმდეგებოდნენ, ფართოდ უღებენ რუსეთს კარს და მზად არიან ქვეყნის ეკონომიკაში ფუნქციონირებადი თუნდაც ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს გადასცენ.

ქვეყნის ეკონომიკის რუსეთისათვის გადაცემის სანაცვლოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლება რუსეთისაგან პოლიტიკურ დათმობებს მოელის. კერძოდ, რუსეთმა უნდა დააჩქაროს თავის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან და შეცვალოს თავისი პოზიცია სეპარატისტული რეგიონების მიმართ _ ანუ ხელი აღარ შეუშალოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ამ გეგმის რეალურობაში ბევრს ეჭვი ეპარება. საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაუფლება რუსეთს რომ უნდა, ფაქტია, მაგრამ ძნელია იმის თქმა, შეასრულებს თუ არა იგი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წამოსულ სანაცვლო. უფრო სავარაუდოა, რომ არა.

ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე არ მალავს, რომ რუსული ენერგოგიგანტს "გაზპრომს" საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების შეძენა უნდა. კახა ბენდუქიძე ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს ინტერესებში შედის. "ჩვენი საქმეა საკუთარ თავს მივხედოთ. საჭიროა, პროქართული პოლიტიკა ვაწარმოოთ და ქვეყნისთვის მისაღებ პირობებში მოხდეს მილსადენის პრივატიზება", - აცხადებს ბენდუქიძე. დასავლეთის პოზიციის გათვალისწინებით ადრე "გაზპრომს" უარი უთხრეს თურქეთისაკენ გაზის ტრანზიტზე; "გაზპრომმა" შავი ზღვის ფსკერზე გაატარა მილი და თურქეთში გაზი მაინც შეიტანა, საქართველომ კი სატრანზიტო შემოსავალი დაკარგა. ახლა თუკი შაჰ-დენიზის ჯგუფი თავად არ იყიდის მაგისტრალურ მილსადენს, ხელისუფლება მას "გაზპრომს" მიყიდის.
ხელისუფლების პოზიცია სტრატეგიული ობიექტების რუსეთისათვის მიყიდვის თაობაზე, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია და ამაში ვერაფერს შეცვლის მოწინააღმდეგეთა მცდელობანი, რომლებიც ქვეყნის დასავლურ ორიენტაციაზე, დროებით მოცდაზე და ალტერნატიული ენერგეტიკული პროექტებიდან სარგებლის მიღებაზე ლაპარაკობენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საკითხებზე სააკაშვილს ოკეანის გაღმაც ექნებოდა საუბარი. შესაძლოა არჩევნებითა და ერაყით გართულ ამერიკელებს საქართველოსთვის დღეს ნაკლებად სცალიათ და რუსეთთან "ეკონომიკურ გარიგებასაც" უჭერენ მხარს, მაგრამ საქმე ისაა, თუ რას მიიღებს სანაცვლოდ საქართველო.

"გაზპრომის" დიდი გეგმები

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების პირობებში "გაზპრომის" დელეგაციის ჩამოსვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. ორდღიანი მოლაპარაკებების შესახებ მხოლოდ ის ითქვა, რომ საუბარი თანამშრომლობას ეხებოდა. არაოფიციალურად კი ვრცელდებოდა ვერსიები, რომ მოახლოებული ზამთრის პირობებში გაზის მოწოდების შეწყვეტის მუქარით "გაზპრომი" ცდილობს ხელთ იგდოს საქართველოს მაგისტრალური გაზსადენები, რაც რუსულ ენერგოგიგანტს ირანული გაზის ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობასაც მისცემს.

"გაზპრომი" მაგისტრალური გაზსადენების დაპატრონებითაა დაინტერესებული. "გაზპრომს" ირანში ფარსის უდიდესი საბადოს 30 პროცენტი ეკუთვნის და სამომავლოდ ამ გაზის ევროპაში ტრანზიტი უნდა, ამისათვის კი გაზის სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე გატარება სჭირდება. ჯერჯერობით ის ამისათვის ნიადაგს ამზადებს და საქართველოში გაზის მეურნეობის ობიექტების ხელში ჩაგდებას ცდილობს.

ექსპერტთა გათვლებით,  თუ "გაზპრომი" გარკვეულ თანხებს საქართველოში საკომპრესორო სადგურებისთვის დახარჯავს, არსებული 9 მილიარდი კუბური მეტრის გამტარობის გაზსადენებმა, შესაძლოა, 18-20 მილიარდი კუბური მეტრიც კი გაატაროს. ეს კი იმ მოცულობის მეხუთედია, რაც ევროკავშირს 2010 წლისთვის დასჭირდება და რის მიწოდებასაც მისთვის ირანი გეგმავს.
საქართველოს გავლით ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების საკითხით "გაზპრომის" დაინტერესება რეალურია, თუმცა ახლა ამის განხორციელებას პერსპექტივა არ გააჩნია. ამის შესახებ ექსპერტმა კასპიისპირეთის ენერგეტიკული კვლევების საკითხებში ლიანა ჯერვალიძემ განაცხადა. მისი თქმით, ირანში გაზის დიდი რეზერვი არსებობს, მისი საექსპორტო პოტენციალის გამოყენება 2007-2009 წლებში დაიწყება. ამ დროისათვის რუსეთს ირანში მილსადენის მშენებლობა დასრულებული იქნება.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, "გაზპრომის" გეგმები აშკარად ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს. თუკი რუსეთმა ირანიდან წამოსული გაზის ევროკავშირისაკენ ტრანზიტის განხორციელება შეძლო, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირისა და აშშ-ს გავლენა შესუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ირანიდან ევროპისაკენ გაზის ტრანსპორტირების სხვა პროექტიც არსებობს, რომელიც საქართველოსათვის უაღრესად მომგებიანია როგორც გეოსტრატეგიულად, ისე ენერგომომარაგების ალტერნატიული წყაროს შექმნის თვალსაზრისითაც. კერძოდ, ადრე ქართული მხარე, უკრაინასთან ერთად,  ირან-აზერბაიჯან-საქართველო-შავი ზღვა-უკრაინის გაზსადენის მშენებლობის შესაძლებლობასაც განიხილავდა. მისი განხორციელების შემთხვევაში, ირანიდან ტრანსპორტირებული გაზის საფასური უკრაინის საზღვარზე არსებული 60 დოლარის ნაცვლად, 40 დოლარამდე დაიწევდა. ეს პროექტი ჯერჯერობით შეფერხებულია.

რას მოუტანს საქართველოს ნავთობზე ფასების ზრდა

ბოლო წლებში ნავთობზე ფასების განუხრელი ზრდა საქართველოს არა მარტო ნავთობპროდუქტებზე და საერთოდ თითქმის ყველა სახის პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო უნდა აწუხებდეს, არამედ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა გავლენას ახდენს აღნიშნული ფაქტორი გეოპოლიტიკურ ძალთა განლაგებაზე და მისწრაფებებზე, რაზეც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ქართული სახელმწიფოს მომავალი.

ამ ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის საფონდო და ლონდონის საერთაშორისო ნავთობის ბირჟებზე (IPE) დაფიქსირდა უკანასკნელ წლებში ნავთობის სარეკორდო ფასი _ 50 აშშ დოლარი ერთი ბარელი. ეს ციფრი მით უფრო შთამბეჭდავი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ კიდევ 1998 წლის ბოლოს ერთი ბარელი ნავთობის ფასი 9 დოლარს შეადგენდა.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარებაა. ერაყის კრიზისი გრძელდება და არარეალურია ვარაუდი იმისა, რომ ამ ქვეყნის ნავთობი უახლოეს მომავალში დიდი რაოდენობით გამოვა მსოფლიო ბაზარზე და ეს ფასებს დაარეგულირებს. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის _ ოპეკის წევრი ქვეყნები (მათზე მოდის მსოფლიოში ექსპორტირებული ნავთობის თითქმის 40 პროცენტი), რომელთა უმრავლესობაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებია, აცხადებენ, რომ მათ ნავთობის წარმოების გადიდება აღარ შეუძლიათ.

შექმნილი ვითარება უაღრესად ხელსაყრელია რუსეთისათვის, რომელიც "ოპეკი"-ს წევრი არაა. იგი მაქსიმალურად ზრდის ნავთობის ექსპორტს, ისე რომ ამან ქვეყნის შიგნით ნავთობპროდუქტების დეფიციტი გამოიწვია. ნავთობდოლარები რუსეთის ბიუჯეტს ავსებს და პუტინს ველიკოდერჟავული ამბიციების დასაკმაყოფილებლად გარკვეული ნაბიჯების გადადგმის დამატებითი შესაძლებლობები ექმნება, მათ შორის ჩეჩნეთში ომის გასაგრძელებლად.

რიგი ექსპერტების აზრით, რუსეთს, როგორც ნავთობის დიდ ექსპორტიორს, დამატებითი შესაძლებლობები ეძლევა აშშ-სთან ვაჭრობისათვის. მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბუში დაინტერესებულია ნავთობზე ფასების ზრდის შეჩერებით, რუსეთს კი ამაში "დახმარების გაწევა" ნამდვილად შეუძლია. სამაგიეროდ, რუსეთმა შეიძლება მოითხოვოს, ანდა პირდაპირ სცადოს პოსტსაბჭოურ სივრცეში და კერძოდ სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცება.

მაგრამ მსოფლიოს დიდ სანავთობო პოლიტიკაში სამხრეთ კავკასიას უკვე თავისი ადგილი უკავია. სწორედ საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით უკვე მომავალ წელს ბაზარზე უნდა გავიდეს კასპიის ნავთობი, რაც გავლენას მოახდენს სანავთობო ფასებზეც. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ფუნქციონირებისათვის კი აუცილებელია სტაბილურობა სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიის ეს სატრანზიტო როლი განაპირობებს დასავლეთის ყურადღებას რეგიონისადმი და ხელს უშლის რუსეთის მცდელობას, თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს საქართველო და აზერბაიჯანი.

დავით მალხაზიშვილი