ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სახელმწიფო მენეჯმენტი
ლობიზმი და ხელისუფლება – #3(3), 2004
ლობიზმი როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე ან სახელმწიფო დაწესებულებების მოხელეებზე ზეგავლენის სისტემა მათ მიერ ამა თუ იმ კანონპროექტის მოწონების ან არმოწონების მიზნით ფართოდ არის გავრცელებული თანამედროვე პოლიტიკურ პრაქტიკაში. ლობიზმი დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს. ლობირება ჩვენს დროში პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი შემადგენელი ნაწილია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის მქონე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში.

ლობიზმისადმი საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა
არაერთგვაროვანია ლობიზმის განმარტება და მისდამი დამოკიდებულება სამეცნიერო ლიტერატურასა და პუბლიცისტიკაში. ერთი მიდგომის თანახმად, ლობიზმი საბაზრო ტიპის დემოკრატიის ერთ-ერთი ეფექტური მექანიზმია, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესის ღიაობას და ზღუდავს სახელმწიფო ხელისუფლების თვითნებობას. არსებობს უფრო კრიტიკული მიდგომაც ლობიზმისადმი, რომელიც მას აიგივებს ფარულ, კანონსაწინააღმდეგო მოქმედებასთან. ამ დროს ხდება პოლიტიკაზე ზეწოლა ქრთამისა და ძვირფასი საჩუქრების მიცემის გზით.

რას წარმოადგენს ლობიზმი სინამდვილეში? რა მიმართებაშია ერთმანეთთან ისეთი ცნებები, როგორიცაა "ლობი", "ზეწოლის ჯგუფები", "ინტერესთა ჯგუფები"? ლობიზმი ხელს უწყობს თუ აბრკოლებს დემოკრატიის განვითარებას, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას?

ლობიზმი ესაა გარკვეული სოციალური ძალების მიზანმიმართული ზემოქმედების სისტემა ხელისუფლების სტრუქტურებზე (საკანონმდებლო, აღმასრულებელ, სასამართლო) საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ლობიზმი არის რაიმე პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების პროტექციონიზმი, აგიტაცია და წარმოდგენა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში. იკვეთება კანონზომიერება: ლობიზმი უფრო მეტად იქაა, სადაც მეტია რეალური ხელისუფლება. ლობიზმი _ ხელისუფლების ნიშანია.

ლობიზმის სისტემაში მჭიდროდაა ერთმანეთთან გადახლართული ყველაზე მრავალფეროვანი ინტერესები: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, სოციალური და მრავალი სხვა. მაგრამ მიზნების მთელი მრავალფეროვნების მიუხედავად, უდავოდ ჭარბობს ეკონომიკური მიზნები. პოლიტიკური ხელისუფლების სტრუქტურებში ყველაზე ხშირად ეკონომიკური ინტერესების გამო ახდენენ ლობირებას. ამიტომ "ლობირების ინსტიტუტის" შესწავლა ძალზედ მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და პოლიტიკის ურთიერთქმედების პრობლემის გასაგებად.

ლიტერატურაში გვხვდება ლობიზმის მრავალი განსაზღვრება, რომლებიც ამ მოვლენის სხვადასხვა მხარეს წარმოაჩენენ, თუმცა თავად ტერმინი "ლობიზმი" არც ისე ხშირად გვხვდება პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში. დასავლურ პოლიტიკურ მეცნიერებაში პლურალიზმის, ნეოკორპორატივიზმის თეორიების ფართოდ გავრცელებამ ხელი შეუწყო ლობისტური პრობლემატიკის გადაქცევას მეცნიერული კვლევების უფრო ფართო სპექტრის ნაწილად, რაც ეძღვნება ინტერესთა ჯგუფებს (ან დაინტერესებულ ჯგუფებს), ზეწოლის ჯგუფებს და ინტერესთა წარმომადგენლობის პრობლემებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალი ცნების გამოჩენა, რომლებიც თავის თავში მოიცავენ "ლობიზმის" ცნებას, გამოყენებული ტერმინების ერთიანი გაგების არარსებობა ართულებს არსებული თვალსაზრისების ანალიზსა და განზოგადებას, მრავალ სიძნელეს ქმნის ამ ფენომენის კვლევისას.

ლობიზმი შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი ფორმა, რომელშიც რეალიზდება ინტერესების პოლიტიკური წარმომადგენლობა. ამიტომ მართებულია ვამტკიცოთ, რომ ლობიზმი _ პოლიტიკური სისტემის გარდუვალი ატრიბუტია. საზოგადოებრივ ცხოვრებაზე მისი ზემოქმედების ხასიათი და ხარისხი განისაზღვრება პირველ რიგში ისტორიული და კულტურული ტრადიციებით, აგრეთვე ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური პირობებით (კონკრეტულად _ პოლიტიკური სისტემის ხასიათით), რომლის ფარგლებშიც ის ფუნქციონირებს.

ლობიზმის ისტორიული გზა

XVI საუკუნეში შუა საუკუნეების ლათინური ენიდან ინგლისურში შევიდა სიტყვა "ლობი" (Lobby). თავდაპირველად ის გამოიყენებოდა მონასტრებში გადასასვლელების ან გადახურული გალერეების აღსანიშნავად. XVII საუკუნის 40-იან წლებში კი ასე უწოდებდნენ ვესტიბულსა და ორ დერეფანს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის შენობაში. სწორედ იქ გადიოდნენ დეპუტატები ხმის მისაცემად და იქ მათ შეეძლოთ შეხვედროდნენ სხვა ადამიანებს, რომლებიც არ დაიშვებოდნენ პლენარურ სხდომაზე. კაბინეტების არქონის გამო დეპუტატები იძულებულნი იყვნენ დიდხანს ყოფილიყვნენ ვესტმისტერის სასახლის დერეფნებში, სადაც მათ ხვდებოდნენ, ზოგჯერ სერთუკების ღილებზე ხელის ჩავლებით, პირველი ლობისტები _ მთხოვნელთა ბრბოები ქვეყნის ყველა კუთხიდან საჩივრებითა და თხოვნებით.

თანამედროვე, ანუ პოლიტიკური მნიშვნელობით (ე.ი. დაკავშირებულია სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებასთან), "ლობიზმის" ცნება პირველად გამოჩნდა 1808 წელს აშშ-ის მე-10 მოწვევის კონგრესის ოქმებში. XIX საუკუნის შუახანებიდან კი ტერმინი "ლობიზმი" და "ლობი" ამერიკულ პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს შორისაა. 1864 წლიდან ტერმინი "ლობირება" უკვე აღნიშნავს "ფულით ხმების ყიდვას კონგრესის დერეფნებში". ასეთ პრაქტიკას გმობდა საზოგადოებრიობა და ტერმინი "ლობი" ძნელად მკვიდრდებოდა.

სხვა ვერსიის თანახმად, ლობიზმის ტრადიცია პრეზიდენტ ულის სიმპსონ გრანტის (1869-1877) დროს იღებს სათავეს. მე-18 ამერიკელ პრეზიდენტსა და მის გუნდს ჩვევად ქონდათ საღამოობით ერთ-ერთ ოთახში, უფრო სწორად კი ვესტიბულში დაესვენათ. იქ მინისტრები და სენატორები სხვადასხვა პირებს ხვდებოდნენ, ისმენდნენ მათ თხოვნებს და პირდებოდნენ (ხშირად არცთუ უანგაროდ) შესრულებას.

ლობიზმის განვითარების ისტორია სავსეა კანონმდებლებსა და მოხელეებზე დაუშვებელი მეთოდებით ზეწოლის ფაქტებით. ტერმინი "ლობირება" ნიშნავდა ფულით ხმების შეძენას. დიდ ბრიტანეთში მსგავსი პოლიტიკა დიდი ხნის მანძილზე დასაგმობად ითვლებოდა და ეს სიტყვა ლექსიკურ ფონში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც ისესხეს.

ტერმინ ლობიზმის პოპულარობის პიკი ინგლისურენოვან ლიტერატურაში XX საუკუნის 50-60-იან წლებზე მოდის, მაგრამ მას უკვე რამდენადმე განსხვავებული მნიშვნელობა ქონდა. ხშირად "ლობიზმის" ქვეშ ესმოდათ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ურთიერთქმედების მთელი არასაპარლამენტო პროცესი. ამ თვალსაზრისით დამახასიათებელია ლობიზმის განსაზღვრება ინგლისელი მკვლევარის ს.ე. ფაინერის მიერ (1958). მისი განმარტებით ლობიზმი არის "ორგანიზაციის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც გავლენას ახდენს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე საკუთარი ინტერესებისათვის ხელშეწყობის მიზნით, ამასთან ეს ორგანიზაციები პარტიების საპირისპიროდ, მზად არ არიან თავად განახორციელონ უშუალო ხელისუფლება ქვეყანაში".

აშშ-ში მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია იცავს მთავრობისათვის მიმართვის (პეტიციის) უფლებას და იქ დიდი ხანია მიღებულია შესაბამისი კანონმდებლობა, დღემდე ზოგიერთები ლობირებას განიხილავენ როგორც ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოებით მანიპულირების მცდელობას.

ლობიზმის ინსტიტუტი დღეს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში არსებობს. რა თქმა უნდა, ლობისტური მოღვაწეობის მასშტაბები და ფორმები სხვადასხვა ქვეყნებში ერთნაირი არ არის, მაგრამ ლობიზმი, როგორც ცალკეული ორგანიზაციებისა და სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების რეალიზების განსაკუთრებული სისტემა და პრაქტიკა სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებზე მიზანმიმართული ზეგავლენის გზით, იქცა დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკური პროცესის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად.

ლობიზმის ინსტიტუტი გარკვეულწილად სტიქიურად ჩამოყალიბდა, სახელმწიფო ამას არათუ ხელს არ უწყობდა, არამედ ხშირად მის აღმოფხვრასაც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. ეს იმით აიხსნება, რომ არსებობს რიგი საერთო მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ ლობიზმის წარმოშობასა და განვითარებას.

ეს მიზეზები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. დემოკრატიის პირობებში სახელმწიფოსაგან ავტონომიურად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო საზოგადოებას არ შეიძლება ურთიერთობა არ ქონდეს სახელმწიფოსთან. ასეთი ურთიერთქმედების ცენტრალურ არხს წარმოადგენს სწორედ სახელმწიფო სტრუქტურებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მრავალფეროვანი ინტერესების ლობირება. ლობირების აწყობილი და მკაფიოდ რეგლამენტირებული სისტემა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო ორგანოებში წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელი გაერთიანებების უმნიშვნელოვანესი ინტერესები, ხელი შეუწყოს ურთიერთობათა სრულყოფას სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

ლობისტები ან მათი ჯგუფები ასრულებენ შუამავლობის მნიშვნელოვან ფუნქციას საზოგადოებასა და სახელმწიფოს ორგანოებს შორის, ახდენს სახელმწიფო ორგანოების ინფორმირებას მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების ინტერესების შესახებ, საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ. კანონების მიღებისა და მათი რეალიზების პროცესში პარლამენტარებს, შემდეგ კი სახელმწიფო მოხელეებს შეუძლიათ მიმართონ და, როგორც წესი, მიმართავენ კონსულტაციებისა და რჩევებისათვის პროფესიონალ სპეციალისტებსა და ექსპერტებს. მაგრამ პროფესიონალების ცოდნისაგან განსხვავებით, თავად მოქალაქეების ცოდნა, გატარებული მათი ინტერესების პრიზმაში და წარმოდგენილი ლობისტური სტრუქტურების მიერ, უფრო მნიშვნელოვანია როგორც ცხოვრების ღრმად გაგების თვალსაზრისით, ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის პოზიციიდან. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება არის ყველაზე წონადი, რამდენადაც მოწმობს, რომ ლობიზმი მისი ცივილიზებული ფორმებით არაა "ქუჩა ცალმხრივი მოძრაობით". ლობისტები (ხელისუფლების სტრუქტურებზე ზეწოლის ჯგუფები), როდესაც ცდილობენ თავისთვის უპირატესობათა მიღწევას, იმავდროულად უზრუნველყოფენ ხელსაყრელ პირობებს საზოგადოებისა და საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მიერ სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონების აღსაქმელად.

2. ლობიზმის ინსტიტუტი ასრულებს საზოგადოებრივი ინტერესების პლურალიზმის მოწესრიგების ფუნქციას. გასაგებია, რომ ყოველი ადამიანი, ყოველი საზოგადოებრივი გაერთიანება თავისი სპეციფიკური ინტერესების მიღწევას ცდილობს. უფრო მეტიც, ის ესწრაფვის დაიცვას თავისი ინტერესები მისთვის მისაწვდომი ყველა საშუალებით, იურიდიული ნორმების გათვალისწინებით. აქედან სავსებით ლოგიკურია, რომ გარკვეული სამართლებრივი ველის ფარგლებში მათი ინტერესები ერთმანეთს ეჯახება და ამიტომ აუცილებელია ინტერესების შედარებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის ხერხებისა და მექანიზმების არსებობა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ლობიზმს ახორციელებს ადამიანთა უმნიშვნელო ჯგუფი, ლობირების შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ მასშტაბური და ხშირად ეხება ადამიანთა უდიდესი მასების ინტერესებს.

3. ფედერაციული სახელმწიფო წყობილების ქვეყნებში (განსაკუთრებით თუკი ცენტრისა და რეგიონების უფლებამოსილებანი საბოლოოდ არაა განსაზღვრული) წარმოიშობა რეგიონული ინტერესების ლობირების აუცილებლობა. რის მიღწევას ცდილობენ რეგიონები?

* პრიორიტეტულ დაფინანსებას;

* შეღავათებს გადასახადების აკრეფისას;

* ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იმ მიზნით, რომ მეტი უფლებები იქნას მიღწეული რეგიონებისათვის და ა.შ.

4. მრავალპარტიულობის და პოლიტიკური ხელისუფლებისათვის ბრძოლის პირობებში ოპოზიციური პარტიები ხელისუფლების სტრუქტურებში ლობირებენ ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გარდაქმნების მათ მიერ წამოყენებული პროექტების მიღებას. მაგალითად, რიგი პოლიტიკური ძალები შეიძლება გამოდიოდნენ ეკონომიკური რეფორმების თავისი პროექტებით.

5. მრავალეროვან სახელმწიფოებში ლობირების ობიექტი ხელისუფლებით სტრუქტურებში არის სხვადასხვა სახის ეროვნული ინტერესები.

6. დემოკრატიის პირობებში მრავალრიცხოვანი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მოძრაობები: პროფკავშირები, ანტისაომარი მოძრაობები, ქალთა, ახალგაზრდული ორგანიზაციები და ა.შ. _ ახდენენ თავიანთი ინტერესების ლობირებას პოლიტიკური ხელისუფლების ორგანოებში.

7. სამეურნეო კომპლექსის შემადგენელ ეკონომიკის დარგებს აქვთ მრავალფეროვანი ინტერესები და პრობლემები, რომელთა გადაწყვეტაც მოითხოვს მიზანმიმართულ ზემოქმედებას სახელმწიფო სტრუქტურებზე.

8. ლობიზმს გარკვეულწილად შეუძლია შეავსოს დემოკრატიული მმართველობის კონსტიტუციური სისტემა. ის საშუალებას აძლევს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებასა და რეალიზებაში მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრიობის იმ ჯგუფებმა, რომლებიც ასე თუ ისე მოკლებულნი არიან ამ შესაძლებლობას. განსაკუთრებით ეს ეხება იმ საარჩევნო ოლქების მოქალაქეებს, რომელთაც ვერ მოახერხეს თავიანთი წარმომადგენელი აერჩიათ პარლამენტში. არ ჰყავთ რა თავისი პარლამენტარი, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან შეეძლო განეცხადებინა ადგილობრივი პრობლემების შესახებ, საზოგადოებრივ ჯგუფებს ლობირების ინსტიტუტის დახმარებით შეუძლიათ დამოუკიდებლად მიაქცევინონ ყურადღება თავიანთი პრობლემებისათვის, გავლენა მოახდინონ მათი საკანონმდებლო მოწესრიგების პროცესზე.

ლობიზმის ინსტიტუტის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზების ჩამოთვლა შეიძლება გავაგრძელოთ. მაგალითად, ლობირება ესაჭიროება ისეთი ჯგუფების ინტერესებს, როგორიცაა ბიზნესის (მსხვილი, საშუალო, მცირე) წარმომადგენლები, საბიუჯეტო სფეროს მუშაკები და ა.შ.

ამრიგად, "ლობიზმის ინსტიტუტის" წარმოშობასა და ფუნქციონირებას ობიექტური საფუძველი აქვს. მისწრაფება დაიკმაყოფილონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები პოლიტიკური ხელისუფლების სტრუქტურებზე მიზანმიმართული ზემოქმედებით სავსებით გამართლებულია. სიტუაციის პრობლემატურობა და სირთულე სხვა რამეში მდგომარეობს. კერძოდ, როგორც მსოფლიო გამოცდილება მოწმობს, ლობირების საშუალებები ძალზედ განსხვავებულია _ ცივილიზებულიდან დაწყებული კრიმინალურით დამთავრებული. საზოგადოებას შეუძლია "ლობიზმის ინსტიტუტი" აღიაროს და ლეგიტიმური გახადოს მხოლოდ მისი ცივილიზებული ფორმით, იმავდროულად ყველანაირად აღკვეთს ლობიზმის ნეგატიურ (მით უმეტეს კრიმინალურ) ფორმებს.

ლობიზმის ინსტიტუტის დადებითი მუშაობა ჩვეულებრივ ხელსაყრელია მთლიანად საზოგადოებისათვის, საშუალებას იძლევა შევადაროთ ჯგუფური ინტერესები, მრავალფეროვან მოქმედებათა შესაძლებლობები და შედეგები ლეგიტიმური დემოკრატიული "თამაშის წესების" ფარგლებში. ლობიზმი მნიშვნელოვნად ავსებს საზოგადოებაში არსებული საპირისწონეების სისტემას. უკვე ეს გარემოება იმსახურებს იმას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში დაინერგოს ლობიზმის ინსტიტუტი, მისი ცივილიზებული, მოცემული პოლიტიკური კულტურისათვის მისაღები ფორმით.

რა ცოდვებიც არ უნდა მივაწეროთ ლობიზმს, ეს ყველაფერი ვერ ჩრდილავს იმ უაღრესად სასარგებლო როლს, რომლის შესასრულებლადაც იგი მოწოდებულია. ლობიზმი მისი თანამედროვე, ცივილიზებული ფორმებით არის ფართოდ გამოყენებული, ლეგალური ფორმა საზოგადოების სხვადასხვა წრეებისა და ჯგუფების ზეგავლენისა სახელმწიფო ხელისუფლების აპარატზე, განსაკუთრებით პარლამენტზე, ამასთან ქვემოდან ზეგავლენისა.

დემოკრატიული ლობირების ძირითადი ამოცანაა იმის მიღწევა, რომ სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო და ნორმატიულ აქტებში გათვალისწინებული იყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მათი ორგანიზაციების ის სპეციფიური ინტერესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საზოგადოების ინტერესებს.

თავისი სიღრმისეული არსით, ლობირება უზრუნველყოფს პოლიტიკური პროცესის საჯაროობას, ხდის მას პროგნოზირებადს, აფართოებს პოლიტიკური ცხოვრების მონაწილეთა წრეს. ის გამოდის პლურალისტური დემოკრატიის სისტემის ფუნქციონირების ინსტრუმენტის სახით, რომელიც თვალს უხელს კანონმდებლებსა და სახელმწიფო მოსამსახურეებს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ მიღებულ საკანონმდებლო აქტებსა და ადმინისტრაციულ განკარგულებებს.

ლობიზმის როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური მოვლენის ფუნქცია ემყარება დემოკრატიული საზოგადოების ყოველი მოქალაქის ფუნდამენტალურ უფლებას გაუგზავნოს ინდივიდუალური და კოლექტიური მიმართვები (პეტიციები) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და თანამდებობის პირებს. ეს უფლება დაფიქსირებულია ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციაში.

ამრიგად, ლობიზმის როგორც პოლიტიკური ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია ორი პირობის არსებობა:

_ ინტერესთა დიდი მრავალფეროვნება საზოგადოებაში, რაც წარმოიშობა მისი სოციალური დიფერენციაციის შედეგად;

_ ხელისუფლების მისაწვდომობის გაფართოება პოლიტიკური პლურალიზმის საფუძველზე, რაც დამახასიათებელია დემოკრატიული რეჟიმებისათვის.

თავად სიტყვა "ლობიზმს" არაერთგვაროვნად აფასებს საზოგადოებრივი ცნობიერება, რადგანაც აქვს არა მარტო ლეგალური, არამედ "ჩრდილოვანი" აზრი. ამ მეორე მნიშვნელობით ლობიზმს მთლიანად უარყოფითი დატვირთვა ეძლევა და განიხილება "პროტექციონიზმისა" და "მოსყიდვის" სინონიმად, ხმების ყიდვად ვინმეს კერძო ან ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად, საზოგადოებისთვის საზიანოდ.

ნეგატიური ლობიზმის უკიდურეს გამოვლინებას წარმოადგენს უკანონო ზეწოლა ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მექრთამეობა, კორუფცია, რომლის დახმარებითაც მიიღება მმართველობითი გადაწყვეტილებანი გარკვეული ჯგუფების ან პირების ინტერესებში. ლობიზმისადმი უარყოფითი დამოკიდებულება სწორედ ამგვარი პრაქტიკის გამო ჩამოყალიბდა.

პოზიტიური აზრით ლობიზმი ხასიათდება როგორც ჯანსაღი, ნორმალური, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოვლენა, რომელიც დემოკრატიული პროცესის ინსტიტუტის სახით გამოდის. ლობიზმი როგორც მრავალფეროვანი ჯგუფური ინტერესების ორგანიზაციული გაფორმების, გამოხატვისა და წარმოდგენის სისტემა - ისეთივე განუყოფელი ელემენტია საზოგადოებისა, როგორც მასში ამ მრავალფეროვანი ინტერესების არსებობა, რომელთაგან თითოეული დაჟინებით ესწრაფვის მიიზიდოს ხელისუფლების ყურადღება. ლობიზმი ამ აზრით არის "ზეწოლის ჯგუფების" კანონიერი ზეგავლენის ფორმა სახელმწიფო ორგანოების მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღებაზე გარკვეული სოციალური სტრუქტურების (ორგანიზაციების, ასოციაციების, ტერიტორიული წარმონაქმნების, მოქალაქეთა ფენების და ა.შ.) ინტერესების დასაკმაყოფილებლად.
   
ცივილიზებული ლობიზმი და მისი არაცივილიზებული ფორმები

სამეცნიერო ლიტერატურაში დაწვრილებით განიხილება ლობიზმის ღირსებანი და ნაკლოვანებანი.

ლობიზმის ღირსებები. ლობიზმის ღირსებად მიჩნეულია შემდეგი:

_ მმართველობით გადაწყვეტილებებზე ზეგავლენა აიძულებს ხელისუფლების ორგანოებს "ფორმაში იყვნენ", ლობიზმი მათ გარკვეული აზრით კონკურენციას უწევს, ეჯიბრება, მეტ დინამიკასა და მოქნილობას ანიჭებს მათ;

_ გამოდის სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზაციის ინსტრუმენტის სახით, რომლის დახმარებითაც ხდება ამა თუ იმ კანონპროექტის საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზება ანდა პირიქით, ოპოზიცია, ზეგავლენას ახდენენ პოლიტიკაზე;

_ იქმნება უმცირესობის ინტერესების უზრუნველყოფის შესაძლებლობები, რადგანაც გამოდის პოლიტიკური პლურალიზმის გამოვლენის სპეციფიური ფორმის სახით;

_ განასახიერებს სოციალური არასახელმწიფოებრივი სტრუქტურების: ასოციაციების: საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სხვადასხვა ფენების თავისუფლების პრინციპს;

_ გამოიყენება როგორც თავისებური სოციალურ-პოლიტიკური სტიმულირება, რომელიც მიმართულია ცხოვრებაში მიზნებისა და ინტერესების გატარების დასაჩქარებლად, კონკრეტულ მოქმედებათა სურვილის გასაღვიძებლად;

_ შესაძლებლობას იძლევა გაფართოვდეს გადაწყვეტილებათა მიღების ინფორმაციული და ორგანიზაციული ბაზა, ყურადღებას ამახვილებს მწვავე პრობლემებზე;

_ ლობიზმი შეიძლება განვიხილოთ როგორც წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოების ურთიერთქმედების ინსტრუმენტი;

_ ლობიზმი შეიძლება შეფასდეს როგორც კომპრომისის მიღწევის უფრო ფართო საშუალება, ინტერესების გაწონასწორებისა და შერიგების ხერხი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ხერხი.

ლობიზმის ნაკლოვანებანი. ამავე დროს გამოიყოფა ლობიზმის სერიოზული ნაკლოვანებებიც:

_ ლობიზმი შეიძლება გახდეს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უცხოური ინტერესების პრიორიტეტული დაკმაყოფილების ინსტრუმენტი;

_ ზოგჯერ გამოდის სახელმწიფო ორგანოებზე არასამართლებრივი ზემოქმედების გამტარებლად, მათ შორის დანაშაულებრივი მეთოდებითაც (მექრთამეობა, კორუფცია), რომლებიც "ძირს უთხრიან" ხელისუფლების საძირკველს;

_ შეიძლება იქცეს უწყებრიობის, კუთხურობის განვითარებისა და დაცვის ფაქტორად;

_ შეიცავს საფრთხეს "წაშალოს" საზოგადოების დემოკრატიული საწყისები, დემოკრატიული ინსტიტუტები გადააქციონ  ცალკეული სახელისუფლო ჯგუფების მძლავრ იარაღად;

_ გარკვეულ პირობებში ლობისტური ღონისძიებანი შეიძლება გამოვლინდეს სოციალური უსამართლობის ფორმით;

_ ხშირად ახდენს საჭირო მმართველობითი გადაწყვეტილებების ბლოკირებას, ხელს უშლის საზოგადოებრივად ღირებული ინტერესების დაკმაყოფილებას და ხელს უწყობს ჩინოვნიკთა ინტერესების რეალიზებას;

_ ზოგჯერ ძალზედ უშლის ხელს სტაბილური და ოპერატიული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას, რადგანაც შეიძლება მიმართული იყოს ბიუჯეტის მუდმივი გადანაწილებისაკენ, პრიორიტეტების ხშირი ცვლილებებისაკენ, ხელისუფლების ერთი შტოს პოზიციების გაძლიერებისა და სხვების შესუსტებისაკენ.

_ ლობიზმი შეიძლება გამოყენებული იქნას უფრო "პროზაული" მიზნებითაც _ როგორც ცალკეული ფენების, ელიტარული წრეების გამდიდრების ინსტრუმენტი.

იმისათვის, რომ ლობიზმმა სარგებელი მოუტანოს მთელ საზოგადოებას, აუცილებელია შესაბამისი პირობები:

_ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების რეალური მოქმედება;

_ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობა;

_ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლება;

_ მდგრადი სამოქალაქო საზოგადოება;

_ მკაფიო და არაწინააღმდეგობრივი სამართლებრივი რეგულირება.

არაცივილიზებული ლობიზმი. როგორც უკვე ითქვა, პოლიტიკური შინაარსი ლობიზმმა XIX საუკუნის 70-იანი წლების აშშ-ში შეიძინა, როდესაც იგი აღნიშნავდა ფულით დეპუტატების ხმების ყიდვას. ლობიზმის მთელმა შემდგომმა ისტორიამ არა მარტო შეინარჩუნა ეს ნეგატიური აზრი, არამად მას კიდევ უფრო ფართო მასშტაბები მიეცა, ახალი ფორმები გაჩნდა. მრავალ ქვეყანაში ლობირების პროცესში გამოიყენება პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების სტრუქტურების წარმომადგენლებზე: მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვა... არის კორუფციის მრავალი ფაქტი სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე. ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ კორუფციის ფართო გავრცელებას და ცდილობენ მასთან ბრძოლას, მაგრამ ამას ყოველთვის როდი მოსდევს დადებითი შედეგები.

სხვადასხვა ქვეყნებში სახელისუფლო სტრუქტურების კორუმპირებულობის ხარისხი და არაცივილიზებული ლობიზმის დონე განსხვავებულია. ეს დამოკიდებულია მრავალ მიზეზზე, კერძოდ:

* მთლიანობაში საზოგადოების განვითარების დონე და მისი ეკონომიკური სფეროს მდგომარეობა;

* მმართველობისა და პოლიტიკური რეჟიმის ფორმები;

* პოლიტიკური კულტურის დონე;

* სახელმწიფოს დამოკიდებულება მოცემული პროცესისადმი;

* კანონმდებლობის მდგომარეობა მთლიანობაში და მის იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ ეხება ლობიზმს;

* სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა და შედეგიანობა.
თუ კანონმდებლობას არ შეუძლია მოქალაქეთა ინტერესების დაცვა და ისინი იძულებულნი არიან ეს თავად გააკეთონ, მაშინ იქმნება პირობები არაცივილიზებული ლობიზმის ყველაზე მახინჯი ფორმის _ კრიმინალური ლობიზმის წარმოსაშობად. ასეთი სიტუაცია არცთუ იშვიათად წარმოიშობა ხოლმე კრიზისულ პერიოდებსა და საზოგადოებრივი მოწყობის ახალ სოციალურ-პოლიტიკურ ფორმებზე გადასვლის პერიოდებში. ასეთ პირობებში მაფია, რომელსაც უდიდესი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, აქტიურად ახდენს თავისი ინტერესების ლობირებას პოლიტიკური ხელისუფლების ყველა დონეზე. კრიმინალურ ლობის შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ქვეყნის შიდა და გარეეკონომიკურ პოლიტიკაზე. კრიმინალური ლობირება მრავალგვარ საფრთხეებს შეიცავს.

"ლობიზმის" ცნებაზე ნეგატიური დაღი იმდენად დიდია, რომ თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკა ცდილობს შეძლებისდაგვარად მის გამორიცხვას პოლიტიკური ლექსიკონიდან. ლობიზმის ცნება იცვლება მასთან ახლო მდგომი "ინტერესთა ჯგუფების" და "ზეწოლის ჯგუფების" ცნებებით. ასეთი ჩანაცვლება ხშირად გამოიყენება, როდესაც სურთ ხაზი გაუსვან, რომ ლაპარაკია ლობიზმის ცივილიზებულ ფორმებზე.

ცივილიზებული ლობიზმი. ლობიზმი საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების ობიექტურად აუცილებელ მოვლენას წარმოადგენს. მაგრამ დემოკრატიული საზოგადოებისათვის ადეკვატურია ცივილიზებული ლობიზმი. მხოლოდ ასეთი ფორმით აქვს მას არსებობის უფლება.

ცივილიზებული ლობიზმის ძირითადი ღირსებები შემდეგია:

_ ცივილიზებული ლობირება არის საშუალება, რაც შესაძლებლობას იძლევა სრულყონ საზოგადოებისა და ხელისუფლებითი სტრუქტურების ურთიერთობა.

_ პროფესიონალური ცივილიზებული ლობიზმი შესაძლებლობას იძლევა უფრო სრულად გამოიყენონ მრავალი დარგის სპეციალისტების (ეკონომისტები, პოლიტოლოგები, ფსიქოლოგები, იურისტები და ა.შ.) ცოდნა და გამოცდილება. ეს უდავოდ, ამაღლებს გადაწყვეტილებათა თვისობრივ დონეს, რომელთაც ხელისუფლებით სტრუქტურებში იღებენ.

_ ცივილიზებული ლობიზმის სისტემა შესაძლებლობას იძლევა სახელმწიფო ორგანოებში წარმოდგენილი იყოს    სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები.

_ ცივილიზებული ლობიზმის ფორმირება და ფუნქციონირება გულისხმობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობის რეალიზებას:

1. ლობისტური საქმიანობის ლეგალიზება. ლაპარაკია ლობისტური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის სისტემაზე. ასეთი კანონმდებლობა არსებობს რიგ დემოკრატიულ სახელმწიფოებში.

2. მნიშვნელოვანი პირობა იმისათვის, რომ ლობიზმმა ცივილიზებული ფორმები შეიძინოს, არის კონტროლი ორგანიზაციაზე და მისი ფუნქციონირების რეგულირება. რიგ ქვეყნებში ლობისტური საქმიანობა პირდაპირ რეგულირდება სახელმწიფო ორგანოებში კორუფციასთან მებრძოლ საკანონმდებლო აქტებით. ამასთან მოქმედებს ლობისტური ჯგუფებისა და ორგანიზაციების კონტროლის გაშლილი სისტემა, რომელიც მოიცავს მათ რეგისტრაციას, ლიცენზირებას, საგადასახადო კონტროლს, სამართლებრივი ნორმების დარღვევისათვის სანქციების სისტემას და სხვა.

3. ცივილიზებული ლობიზმი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ხელისუფლებაც და საზოგადოებაც აღიარებენ ორ გარემოებას: ა) ლობიზმის ინსტიტუტს შეუძლია ეფექტიანად იმუშაოს საზოგადოების საკეთილდღეოდ; ბ) ლობიზმი ამა თუ იმ ფორმით უკვე ჩართულია ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში, ამიტომ აუცილებელია ძალისხმევა მისთვის ცივილიზებული ფორმის მისანიჭებლად.

4. ცივილიზებული ლობიზმის ფორმირებისა და ფუნქციონირების პირობაა იმათი მაღალი პროფესიონალიზმი, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული. ესაა საქმიანობის ძალზედ რთული სახეობა. ლეგალური, ცივილიზებული ლობირება მოითხოვს დიდ პროფესიონალურ ცოდნას, მაგალითად, ეკონომიკის სფეროში და სპეციალურ თვისებებს: სხვისი დარწმუნების უნარს, საკუთარი სიმართლის დასაბუთების უნარს, არგუმენტების საჭირო სისტემის პოვნის უნარს და ა.შ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ პროფესიონალი ლობისტის ჩამოსაყალიბებლად არცთუ მცირე დროა საჭირო. სწორედ ასეთ სპეციალისტებს შეუძლიათ ცივილიზებული ლობირების უზრუნველყოფა.

5. ცივილიზებული ლობიზმის ფორმირებისა და ფუნქციონირების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს ასეთი საქმიანობის უფლების მიცემა მხოლოდ დადგენილი წესით ოფიციალურად რეგისტრირებული ლობისტური ორგანიზაციებისათვის. სხვა სიტყვებით, აუცილებელია ასეთი ორგანიზაციების რეგისტრაცია და ფართო ინფორმირება მათი საქმიანობის შესახებ. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს სრულყოფა ლობიზმის მთელი ინსტიტუტის მუშაობისა უკვე იმით, რომ აჩერებს "ველური ლობიზმის" პრაქტიკას, რომელიც თავის აქტიურობას აგებს კანონმდებლობით აკრძალულ ლობირების ფორმებისა და ხერხების გამოყენებაზე.

6. ცივილიზებული ლობირების პირობაა ფართო საჯაროობა, რასაც ორიარუსიანი ხასიათი აქვს. ჯერ ერთი, საჭიროა წარმოდგენილი იქნას ფართო ინფორმაცია ლობისტური ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, მათ შორის მისი საერთო ფინანსური მდგომარეობისა და ცალკეული პროექტების რეალიზებაზე დახარჯული თანხების შესახებ. მეორეც, ინფორმაცია ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაზე, რომლებიც იყენებენ ლობისტური ორგანიზაციების სამსახურს, კერძოდ, ინფორმაცია იმის შესახებ, რა გადაწყვეტილებები და რა ლობის მონაწილეობით იქნა მიღებული.

ცივილიზებული ლობიზმის ფორმირების პრობლემა საქართველოში. ჩვენ უკვე განვიხილეთ ფაქტორები, რომელთა გამოც ლობიზმის ინსტიტუტი ჩართულია საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. დღეს საქართველოში არ დგას საკითხი ლობიზმის ყოფნა-არყოფნის შესახებ. "ლობიზმი" უკვე არის და შემდგომშიც იქნება. ამოცანაა ისაა, რომ რაც შეიძლება ჩქარა და ქმედითად მას ცივილიზებული ფორმები მიენიჭოს. ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია იმასთან დაკავშირებით, რომ არაცივილიზებული ლობიზმისათვის ჩვენ ქვეყანაში გარკვეული ბაზა უკვე არსებობს. ასეთი ვითარების მიზეზები ბევრია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ეკონომიკის გარდამავალი ხასიათი, როდესაც მოკლე ვადაში წყდება ახალ სოციალურ-პოლიტიკურ რეჟიმზე გადასვლის ამოცანები: მასობრივი პრივატიზაცია, მრავალწყობიანი ეკონომიკა, მრავალი ახალი ფორმის (კომერციული ბანკები, ბირჟები, ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფები და ა.შ.) გაჩენა, საგადასახადო სისტემის რეფორმირება, პრობლემები ფულად-საკრედიტო სისტემაში, საგარეო ვალი. გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მკვეთრად იზრდება სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა ფორმების წარმომადგენელთა მოთხოვნილება ხელისუფლებით სტრუქტურებში დაიცვან თავიანთი ინტერესები. შესაბამისად ფართოვდება ლობირების სისტემაც.

გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური სისტემა, ისევე როგორც ეკონომიკური, არის რეფორმირებულ მდგომარეობაში (მრავალპარტიულობა, ხელისუფლების დანაწილების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ახალი პოლიტიკური ორგანოების გამოჩენა, უფლებამოსილების გადანაწილება ცენტრსა და რეგიონებს შორის და ა.შ.). ეს წარმოშობს დიდ მოთხოვნილებას მიზანმიმართული ზემოქმედება მოხდეს პოლიტიკურ ხელისუფლებაზე მრავალრიცხოვანი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ასეთ სიტუაციაში ლობიზმისათვის ცივილიზებული ფორმის მინიჭება არის ამოცანა, რომლის მნიშვნელობაც ძნელია გადაჭარბებით შეაფასო.

მალხაზ მაცაბერიძე