ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ქართული მედიაბაზრის მორიგი ვირაჟი
#3(3), 2004
ქართული მედიაბაზრის ჩამოყალიბების ურთულესი პროცესი კვლავ გრძელდება. მედიაბიზნესი ჯერაც ვერ გამოვიდა იმ შოკიდან, რაც მან "ვარდების რევოლუციით" მიიღო და, შეიძლება ითქვას, მეტად მძიმედ ეგუება ახალ რელობას. რეალობა კი კვლავ რთულდება, რისთვისაც ბაზრის ყველა ფიგურანტი მზად უნდა იყოს.

რეტროსპექტივა #1: 2003 წლის ნოემბრამდე

2003 წლის ნოემბრის რევოლუციამდე მედიაბაზარზე ჩამოყალიბდა საკმაოდ თავისებური სისტემა, რომლის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი კონსოლიდაციისა და მედიაჰოლდინგების ჩამოყალიბებისაკენ სწრაფვა გახლავთ. ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად ბადრი პატარკაციშვილი აქტიურობდა, რომელმაც შეძლო ჰოლდინგი სრული მედიაპაკეტით აღეჭურვა. "ტელეიმედი", "რადიოიმედი", "მთავარი გაზეთი", "მთავარი გაზეთი კვირას", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი" და რამდენიმე გასართობი ჟურნალი შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ პატარკაციშვილს მედია-იმპერია მხოლოდ ზრდისა და განვითარებისკენ იყო მიმართული. ამ განცდას ისიც აძლიერებდა, რომ ჰოლდინგის მეპატრონე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა საქართველოში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური პროცესების ყველა მონაწილესთან და მისი ჰოლდინგის საინფორმაციო მდგენელი აშკარა ნეიტრალობით გამოირჩეოდა. მაგრამ უნდა ხაზგასმით აღვნიშნოთ ისიც, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი ჰოლდინგის მიერ არ იქნა ეფექტურად გამოყენებული. დაჯგუფების ვერცერთმა ფიგურანტმა ვერ მოახერხა ნოემბრის მწვავე სიტუაციაში არაორდინალური სვლები გეკეთებინა და მაყურებლისა თუ მკითხველის ყურადღება დაეპყრო.
შეიძლება ითქვას, რომ ჰოლდინგი "იმედი" საქართველოში მაშინ მიმდინარე პროცესებს მომზადებული ვერ შეხვდა.

სამაგიეროდ მკვეთრად გამოხატული, დაუფარავი პოზიციით გამოირჩეოდა ქართული მედიაბაზრის მაშინდელი ფლაგმანი "რუსთავი-2" თავისი სატელიტით, გაზეთი "24 საათით". სწორედ იმდროინდელი ხელისუფლებისადმი უკომპრომისო დამოკიდებულება იქცა ჰოლდინგის პროდუქციის რეალიზების მიზეზად. ტელეკომპანია, რომლის გადაცემების, განსაკუთრებით კი საინფორმაციო მაუწყებლობის ხარისხი იქამდე განუხრელად ეცემოდა, კვლავ ლიდერად იქცა. "რუსთავი-2"-ს მოვლენათა პულტზე ხელი ყველაზე აქტიურად ეჭირა და კომპანიის სარეკლამო სლოგანი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია", კონკურენტთა ქილიკის მიუხედავად, სიტუაციას ადეკვატურად ასახავდა. აშკარად ჩანდა, რომ კომპანიის მენეჯმენტმა თამაში ვა-ბანკის პრინციპით წარმართა და მოიგო კიდეც.

ასევე ვა-ბანკის პრინციპით მოქმედებდა ირაკლი ოქუაშვილის ჰოლდინგიც. ტელეკომპანია "იბერიაც" აშკარად აფიქსირებდა თავის ნეგატიურ პოზიციას "ახალგაზრდა რეფორმატორების გუნდის" მიმართ. ასეთივე ცალსახა დამოკიდებულებას გამოხატავდნენ ამ ჰოლდინგის შემადგენელი გაზეთი "ახალი ეპოქა" და ჟურნალი "ომეგა". თუმცა, "რუსთავი-2"-ის მაშინდელ საქმიანობაში პოლიტიკური სიმპათია აშკარად ეჯაჭვებოდა სრულიად თვალსაჩინოდ გამოკვეთილ სამარკეტინგო სტრატეგიასაც, ანუ საქმიანობა ატარებდა გეგმიურ და პროფესიონალურ ხასიათს, რასაც ვერ ვიტყვით ირაკლი ოქუაშვილის ჰოლდინგზე, რომელმაც სერიოზული ფინანსური ბაზის მიუხედავად ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თანამედროვე დონეზე აღეჭურვა სტუდიები, გაევრცელებინა მაუწყებლობა თბილისის გარეთ და მოეზიდა ძლიერი ჟურნალისტური კადრები ჰოლდინგის შემადგენლობაში.

ამ ფონზე "რუსთავი-2"-ისა და "იბერიას" ჭიდილი კომიკურიც კი იყო, ვინაიდან არაპროფესიონალისთვისაც თვალსაჩინო იყო პირველის კარგად გამართული და შესანიშნავად აღჭურვილი პროპაგანდისტული მანქანის აბსოლუტური უპირატესობა არქაული სტუდიით აღჭურვილ და სარედაქციო პოლიტიკის არმქონე "იბერიაზე".

პატარკაციშვილის ჰოლდინგის ხაზგასმული ნეიტრალიტეტის და კიწმარიშვილისა და ოქრუაშვილის ჰოლდინგების მკაფიოდ გამოხატული სიმპათიების ფონზე ბუნდოვნად და არადამაჯერებლად გამოიყურებოდა ტელეკომპანია "მზის" სარედაქციო პოლიტიკა პირობითი სახელწოდებით "ჩვენ ყველას წინააღმდეგ ვართ". არხმა აშკარად ვერ გაითვალისწინა პოლიტიკური მომენტის სიმძაფრე და ის, რომ ასეთი მიდგომა გამართლებულია პოლიტიკური პლურალიზმის და ერთმანეთთან რეალურად დაპირისპირებული მსხვილი საზოგადოებრივი ჯგუფების შემთხვევაში.

ტელეკომპანიის მარკეტოლოგებს რომ მიემართათ სოციალური ფსიქოლოგიის ნებისმიერი სპეციალისტისთვის, ამ მარტივ კითხვაზე პასუხს უმალ მიიღებდნენ. თუმცა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო სტრატეგიაზე ზემოქმედებდა ის ფაქტორი, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი ქართულ პოლიტიკაში მეტად ანგაჟირებული ფიგურა გახლდათ.

გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციაში თავისი პირდაპირი საზოგადოებრივი დანიშნულება ვერ შეასრულა სახელმწიფო ტელევიზიამაც, რომელიც საერთოდ არანაირ საინფორმაციო პოლიტიკას არ ატარებდა. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ პირველი არხის საინფორმაციო მაუწყებლობა თვითდინებაზე იყო მიშვებული, რამაც არხი როგორც ეკონომიკური სუბიექტი კიდევ უფრო დააზარალა, ხოლო მედიაბიზნესში მოღვაწე ნებისმიერი სუბიექტისთვის პირველი რიგის აუცილებელი საჭიროება _ ავტორიტეტი ბოლომდე ნულამდე დავიდა.

2003 წლის ნოემბრამდე თავი ვერ გამოიჩინა ბეჭდურმა მედიამაც. პრაქტიკულად ვერც ერთმა გამოცემამ ვერ ისარგებლა მომენტით, ვერ მოახერხა სარედაქციო და სამარკეტინგო პოლიტიკის თავისთვის პოზიტიურად შეტრიალება და, შედეგად, ვერ გაზარდა ტირაჟები. ქართულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გამოცემებმა ექსტრემალურ სიტუაციაში საზოგადოებას ვერ შესთავაზეს ვერაფერი, რაც მათ მიმართ მოსახლეობის ინტერესს გააღვივებდა.

ამის უმთავრეს მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ქართულ მედიაბიზნესში სატელევიზიო მდგენელის მომძლავრებას გაზეთების მესვეურებმა ვერაფერი დაუპირისპირეს: ვერც ახალი იდეები, ვერც პროდუქციის ხარისხის ზრდა. სრულიად თვალსაჩინოა, რომ ქართულმა გაზეთებმა ვერ შექმნეს პროფესიონალთა მომზადებისა და ადგილზე დამაგრების მწყობრი სისტემა.

დღესაც გაზეთში მუშაობა ჟურნალისტებისათვის მხოლოდ საოცნებო ტელეეთერისგან მიმავალ გზაზე ხანმოკლე შეჩერებად აღიქმება. ეს ეტყობა გაზეთებისა და იმავე ტელევიზიების მუშაობის ხარისხსაც, სადაც პრაქტიკულად მოიშალა სერიოზული რეპორტაჟის ან ანალიზის ცნება.
ასეთი პრობლემებით იყო დახუნძლული ქართული მედიაბაზარი "ვარდების რევოლუციის" წინა დღეებში.

რეტროსპექტივა #2: 2003 წლის ნოემბრიდან დღემდე

2003 წლის ნოემბერმა მედია-ბაზარზე მართლაც მნიშვნელოვნად იმოქმედა. დავიწყოთ იქიდან, რომ ბევრი მედია-სუბიექტი გაუქმდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით. ქართული მაუწყებლობის ერთ-ერთი საინტერესო ფენომენის "მე-9 არხის" მოულოდნელმა დახურვამ გული მხოლოდ ინტელექტუალთა მცირე ნაწილს დაწყვიტა.

არხს პრობლემები მისი არსებობის მთელ მანძილზე არ აკლდა: მასზე პირდაპირი გავლენის მოპოვებას მრავალი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობდა. ტელეარხის მფლობელს, ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის დიდი ძალისხმევის ფასად უჯდებოდა ამ ზეგავლენებთან ბრძოლა, ამიტომ სრულიადაც არ იყო გასაკვირი მისი დახურვა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა პოლიტიკური ელიტის ყურადღებას (ტელეარხის ფლობის გამო) გარიდებოდა და მთლიანად კონცენტრირებულიყო მეცენატურ პროექტებზე, მათ შორის მისი მშობლიური საჩხერის რაიონის სოციალური პრობლემების მოგვარებაზეც.

ნელი კვდომის რეჟიმში გადავიდა "იბერიაც", რომლის ფინანსური უზრუნველყოფა "ომეგა ჯგუფის" შპიცრუტენში გატარების შემდეგ შეუძლებელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ არხმა შეინარჩუნა სიხშირე, თვალსაჩინოა, რომ მთელი თავისი მაუწყებლობით არხი პრაქტიკულად აკეთებს განცხადებას გაყიდვის შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, მყიდველი ჯერ არ ჩანს.

"ვარდების რევოლუციის" შემდგომ ყველაზე დიდი აქტიურობით ბადრი პატარკაციშვილის მედია-ჰოლდინგი გამოირჩევა. "ტელეიმედის" მუშაობაში უკვე გამოიკვეთა საკადრო რესურსების მოზიდვასა და მაუწყებლობის ახალ ხარისხზე გადასვლის ტენდენცია. გასული წლის მანძილზე არხმა რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი მიიწვია, შეცვალა დილის გადაცემის უსახური ფორმები და მისი საინფორმაციო მაუწყებლობაც უფრო აგრესიული გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ არხმა შეძლო სამაუწყებლო სიხშირის მაქსიმალური გავრცელება ("ტელეიმედს" სტაბილურად უყურებენ საინგილოში, სვანეთსა და სხვა მაღალმთიან რაიონებში), შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე "ყურებადი" ტელევიზიაა საქართველოს პროვინციულ რეგიონებში.

ჰოლდინგში სხვა საყურადღებო ცვლილებებიც განხორციელდა: მაგალითად, დაიხურა "მთავარი გაზეთი" და რამდენიმე გასართობი ჟურნალი. შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ "მთავარი გაზეთის" დახურვა ჰოლდინგის მესვეურთა მხრიდან თამამი და გამართლებული ნაბიჯი იყო. თავისი არსებობის მანძილზე გაზეთმა საზოგადოებას ვერ შესთავაზა ვერაფერი _ ბოლომდე გაურკვეველი დარჩა მისი მიმართულება და გამოცემის არსებობის მიზანიც კი. ჰოლდინგმა ვერ მოახერხა გაზეთის რეკლამირება თავისი სხვა მედიუმების მეშვეობით (საწინააღმდეგო მაგალითი: "რუსთავი-2"-ის მიერ გაზეთ "24 საათის" მეტად ეფექტური რეკლამირება). საერთოდ, ამ ჰოლდინგისათვის დღესაც პრობლემად რჩება ეს ფაქტორი და მის მესვეურებს მეტი ყურადღების გამახვილება მართებთ ამ მიმართულებით.

ჰოლდინგის ყველაზე წარმატებულ პროდუქტად შეიძლება "რადიოიმედი" ჩაითვალოს. ამ რადიომ მტკიცედ მოიპოვა მონოპოლია საინფორმაციო რადიომაუწყებლობის სივრცეში და განაგრძობს ბაზრის დაპყრობას. ასევე წარმატებული იყო რადიო "არ დაიდარდოს" ამოქმედებაც, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხნის წინ წარმოქმნილ მოთხოვნაზე სრულად ადეკვატური პასუხი იყო. ამ რადიომ თავისი ამოქმედებით და მაუწყებლობის ხარისხის სწრაფი ზრდით დაამხო ამ ფორმატში მაუწყებელი ტელევიზია "ევრიკის" მონოპოლია და პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცვლა იგი.

"რადიოიმედი" და "არ დაიდარდო" ერთად წარმატებულ საკონკურენტო ბრძოლას აწარმოებენ რადიო "საქართველოსთან" (რადიო "ფორტუნა" და "ფორტუნა+"), რომელმაც ბოლო წლების მანძილზე ვერ შეძლო მსმენელთათვის ახალი და მიმზიდველი პროდუქტების შექმნა.
მთლიანობაში ჰოლდინგი ორიენტირებულია ელექტრონული მდგენელის (ტელევიზიისა და რადიოს) განვითარებაზე და ეწევა მძაფრ საკონკურენტო ბრძოლას "რუსთავი-2"-ის მედიაჯგუფთან.

"ვარდების რევოლუციიდან" დღემდე სწორედ "რუსთავი-2" აღმოჩნდა მეტად უნიკალურ სიტუაციაში. შევარდნაძის ოპოზიციის უპირობო მხარდაჭერამ რევოლუციის შემდგომ არხი პრაქტიკულად სახელმწიფოს რუპორად აქცია. ამან დასცა მისდამი ინტერესი და შესაბამისად შემცირდა სარეკლამო შემოსავლებიც. არხის ხელმძღვანელობა შეეცადა ეს ნაკლი სხვამხრივ ამოევსო და მოიპოვა მე-9 მეტრულ არხზე მაუწყებლობის უფლება.

გაუთვითცნობიერებელ მკითხველს შევახსენებთ, რომ მე-9 მეტრული არხი ის სიხშირეა, რომელზეც ათწლეულების მანძილზე ტრანსლირდება ჯერ საბჭოთა ტელევიზიიის, შემდგომ კი რუსეთის ტელევიზიის პირველი არხი. ამ სიხშირეზე მაუწყებლობა, ატმოსფერული და სხვა ტექნიკური ფაქტორების გათვალისწინებით, მაუწყებელს საშუალებას აძლევს სიგნალით მეტი ფართობი ნაკლები ძალისხმევით დაფაროს. ამ სიხშირისთვის "რუსთავი-2" დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა და ეს ბრძოლა წარმატებით დაასრულა.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, არხმა ნელ-ნელა დათმო თავისი მაუწყებლობის უმთავრესი კოზირი _ საინფორმაციო მაუწყებლობაში ლიდერის პოზიცია. ამის გარდა, არხის ხელმძღვანელის დაინტერესების ზრდამ ბიზნესის სხვა სფეროებით (სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მეტალურგიული ბიზნესი) გამოიწვია შიდა წინააღმდეგობებიც და გაზარდა არხის წინააღმდეგ კულუარული ბრძოლის გრადუსიც. არხიდან წავიდა რამდენიმე წამყვანი ჟურნალისტი, შეიქმნა ნერვოზული სიტუაცია, რამაც გამოიწვია არხის მენეჯმენტში რადიკალური ჩარევის აუცილებლობა. არხის ახალ ხელმძრვანელად კვლავ ნიკა ტაბატაძე მოგვევლინა, რომელმაც თვალშისაცემი პრობლემის გარეშე დათმო საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამდებობა.

უფრო წარმატებულად უნდა ჩაითვალოს განვლილი წელი ჰოლდინგის "უმცროსი ძმის", გაზეთ "24 საათისთვის". გაზეთმა "მთავარი გაზეთის" სახით დაკარგა ყველაზე საშიში კონკურენტი. დღეს ყოველდღიური საზოგადოებრივ-პილიტიკური პრესის ბაზარზე იგი უდავო ლიდერია და დარჩენილ კონკურენტებს ტირაჟებით აშკარად უსწრებს. გაზეთმა მოახერხა თემატური დამატებების პაკეტის შეთავაზება მკითხველისთვის, რითაც იგი თვალსაჩინოდ გამოირჩევა სხვა გაზეთებისაგან. მასთან კონკურენტულ ბრძოლას აწარმოებენ "ალია", "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ხვალინდელი დღე", მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ქართული მედიაბაზრის აქტიურ მოთამაშედ რჩება ტელეკომპანია "მზე", რომელიც მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობდა ოპოზიციური ნიშის დაკავებას და გარკვეულწილად ეს მოახერხა კიდეც. თავის სამარკეტინგო სტრატეგიის ძირითად მიმართულებად ტელეკომპანიამ აირჩია ხელისუფლების კრიტიკა ნაციონალისტური პოზიციებიდან და ეს სტრატეგია გარკვეულწილად წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, "მზისთვის" ძლიერ დარტყმად იქცა არხიდან ინგა გრიგოლიას წასვლა, რომლის სრულფასოვანი ჩანაცვლება ვერ მოხერხდა. არხმა დაიწყო იმის დემონსტრირება, რომ მისი ყველა ჟურნალისტი ერთიანი გუნდია და ერთ საქმეს ემსახურება. ეს თავისთავადი ჭეშმარიტებაა, რომლის დემონსტრირების უფრო ეფექტური ფორმებიც არსებობს (გაიხსენეთ "რუსთავი-2"-ის 10 წლისადმი მიძღვნილი მცირე სარეკლამო ტიხრები ჟურნალისტების მონაწილეობით), ხოლო არხს რომ სახე ესაჭიროება, ამას სატელევიზიო მარკეტინგში დღეს ეჭვქვეშ არავინ აყენებს.

გასული წელი მძიმე გამოდგა გასართობი ტელეარხებისთვისაც. "1-ლ სტერეოზე" განვითარებული სკანდალი იმით დასრულდა, რომ სტუდია "მაესტრო" არხიდან წავიდა, ხოლო თავად არხი, ჯერ კიდევ დაუდასტურებელი ინფორმაციით, პატარკაციშვილის ჰოლდინგს უერთდება. "1-ლი სტერეოს" გაჩერება (ან თითქმის გაჩერება) სიურპრიზად უნდა ქცეულიყო "202"-ის გუნდისთვის, რომელსაც საშუალება ეძლეოდა გასართობი მაუწყებლობის ფლაგმანი გამხდარიყო; თუმცა "202"-მა კონკურენტის დაკარგვასთან ერთდროულად დაკარგა უმთავრესი კოზირი _ "კავეენშჩიკების" გუნდის ის ვარსკვლავები (თითქმის მთლიანად), რომლებთან ერთად შალვა რამიშვილმა ჯერ "რადიო 105" შექმნა, ხოლო შემდეგ კი _ "202". დათო გოგიჩაიშვილს "რუსთავი-2"-ზე ნელ-ნელა თითქმის ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა გაყვა და ახლა ამ გუნდის იუმორისტული რესურსი მთლიანად "რუსთავი-2"-ს ემსახურება.

ამ ქვეთავის ბოლოს მოკლედ შევეხებით ქართული მედიაბაზრის ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს, ყოველკვირეულ გამოცემებს. მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო  ყოველკვირეული გამოცემები, ყოველდღიურ გაზეთებთან შედარებით, კვლავ ინარჩუნებენ შეუდარებლად მაღალ ტირაჟებს და, შესაბამისად შემოსავლებსაც. ამ ბაზარზე კვლავ ფლაგმანებად რჩებიან ჟურნალი "სარკე" და გაზეთი "კვირის პალიტრა". ამ ტიპის გამოცემების მესვეურებს კარგად აქვთ გათვლილი ეს თავისებურება  და პრაქტიკულად არ ცვლიან სტრატეგიას, რაც ჩვენს პირობებში სრულიად გამართლებულია. ისინი არაფერს ელოდნენ (მხედველობაში გვაქვს საფრთხეებიც და სიკეთეებიც) რევოლუციისაგან და არ დაჭირვებიათ ექსტრემალური გადაწყვეტილებების მიღება. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებებით რთული წარმოსადგენია ამ მიმართულებით სწრაფი ცვლილება, ამიტომ უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ "სარკის" "გაფერადებას", ან "კვირის პალიტრის" და მსგავსი გამოცემების ფორმატის ცვლილებებს. ბევრად უფრო საინტერესოა იმის პროგნოზირება, თუ რა ელის მედიაბაზრის სხვა მონაწილეებს უახლოეს მომავალში.

პერსპექტივა

დღესდღეობით ქართული მედიაბაზარი მორიგი ვირაჟის წინაშე იმყოფება. სატელევიზიო და რადიობაზარზე გამოვა ახალი მძლავრი მონაწილე საზოგადოებრივი მაუწყებლობის სახით. სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ საბჭოში თავისი პრინციპულობით ცნობილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მისვლით, სავარაუდოდ, ამ არხმა თანდათანობით მართლაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფუნქცია უნდა შეიძინოს. ამ არხზე მუშაობის სურვილი უკვე გამოთქვა ტელებიზნესში მომუშავე რამდენიმე ნიჭიერმა ჟურნალისტმა და პროდიუსერმა. არხის ბადეში უხვადაა წარმოდგენილი შემეცნებითი (ძირითადად ლიცენზიებით შესყიდული) პროგრამები, საბავშვო ვიქტორინები და კონკურსები. არხის მესვეურები აცხადებენ, რომ საინფორმაციო მაუწყებლობა არხის პრიორიტეტი არ იქნება, თუმცა ამ მიმართულებით შექმნილი პროდუქცია მაღალი ხარისხის და ობიექტურობის ნიშნით აღბეჭდილი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. "უფასო", ანუ გადასახადის გადამხდელთა სახსრებით არსებული ტელევიზია პრობლემებს უქმნის კერძო სატელევიზიო ბაზარს.

თავის მხრივ ამ ბაზრის ორი მთავარი კერძო ფიგურანტი, "იმედი" და "რუსთავი-2" შეეცდებიან საზოგადოებრივ მაუწყებლობას დაუპირისპირდნენ დივერსიფიკაციით და 2-არხოვანი რეჟიმის ამოქმედებით. "რუსთავი-2" თავისი ახალი ფორმატით "რუსთავი-2+"-ით პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოებრივ მაუწყებლობას. პარალელურად, ამ არხს გააჩნია აბსოლუტურად ყველაფერი იმისთვის, რომ გააძლიეროს საინფორმაციო მაუწყებლობა ყოველსაათობრივი ახალი ამბების რეჟიმის ამოქმედებით და სერიოზული პრობლემები შეუქმნას ამ ბრენდით მოქმედ "მზეს".

თავის მხრივ, "იმედში" გამოიკვეთა ტენდენცია საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების აღდგენისა. ჯანრი კაშია და ინგა გრიგოლია აუცილებლად შეეცდებიან ეს მდგენელი გააძლიერონ. იმვდროულად პატარკაციშვილს ჰოლდინგის მიერ "1-ლი სტერეოს" შესყიდვის შესახებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში უნდა ველოდოთ ამ არხის თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აყვანას.

საგაზეთო ბაზარზე დადასტურებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "24 საათი" გააძლიერებს თემატური დამატებების მდგენელს. სხვა მიმართულებით რევოლუციურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ _ ქართული პრესა არ ამჟღავნებს არანაირ სურვილს განვითარებისაკენ. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა პატარკაციშვილს ჰოლდინგმა "ვერ მოითმინოს" და ბაზარს ახალი საგაზეთო პროდუქტი შესთავაზოს, თუმცა მისი აუცილებლობა ობიექტურად არაა განპირობებული: საქართველოში ყოველდღიურ გაზეთებს ხომ თითქმის არ კითხულობენ (ვგულისხმობთ იმას, რომ მათ კითხულობს მოსახლეობის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი).

და ბოლოს, რადიო: აქ სამი მთავარი მონაწილე დარჩება _ სახელმწიფო (იგივე საზოგადოებრივი) რადიოს, რადიო "საქართველოსა" (ფორტუნა" და "ფორტუნა+") და "რადიოიმედის" ("არ დაიდარდოსთან" ერთად) სახით.

როგორც ვხედავთ, მედიაბაზარზე ყველაზე საინტერესო ინტრიგა ტელებაზარზე, კერძოდ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ამოქმედების გარშემო იკვრება. ჩვენ უახლოეს მომავალში მოგვეცემა საშუალება ერთად შევაფასოთ ამ არხის ხარისხი და შემდგომ კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ ამ მეტად საინტერესო ბაზარზე მიმდინარე სამარკეტინგო და მართვასთან დაკავშირებული პროცესები.

ლუკა ლომიძე