ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სამეწარმეო მენეჯმენტი
ორი ლარი ჯობია ერთ ლარს, მაგრამ ორი ბუღალტერია ერთ ბუღალტერიას არ სჯობს!
#3(3), 2004
ორი ლარი მეტია ერთ ლარზე

დღევანდელ საქართველოში მეწარმეთა უმრავლესობა თავისი საქმის გაძღოლისას ორმაგი ბუღალტერიის _ ე.წ. "თეთრის" და "შავის" წარმოებითაა დაკავებული. სხვაგვარად მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, იმდენად არიან დარწმუნებულები იმაში, რომ თუ სადმე რაიმე ბიზნესია, იქ აუცილებლად "მეორე" (იგივე "შავი", იგივე "მარცხენა") ბუღალტერიაც უნდა არსებობდეს.

"სხვაგვარად ვერ იმუშავებ" _ ამბობენ ისინი. მათთვის ასეთი მოსაზრების ძირითადი არგუმენტი გადასახადების მაღალი განაკვეთები და უხეირო საგადასახადო კოდექსია, რის გამოც იძულებულნი არიან გადასახადები დამალონ ანუ ბიზნესის ნაწილი არალეგალურად აწარმოონ. როცა ბიზნესს ლეგალური და არალეგალური მხარეები აქვს, ბუღალტერიაც ძალაუნებურად ორად იყოფა. ეს შეიძლება მთლად მოსახერხებელი არ იყოს, მაგრამ რა ქნან... ჯერ ერთი, რაღაც ხომ უნდა დარჩეთ; მეორეც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს "რაღაც" გადასახადების გადახდის შემდეგაც დარჩებოდათ, გადასახადების დამალვა მაინც საჭიროა _ ზედმეტი ფული, აბა, ვის მოსჭარბებია? ჭეშმარიტად, ორი ლარი ჯობია ერთ ლარს!

მაგრამ სინამდვილეში საქმე მთლად ასე მარტივად არ არის: ორმაგი ბუღალტერიის წყალობით, გადასახადების "დაზოგვა" კი ხდება, მაგრამ ამ სარგებელთან ერთად, ის იმავდროულად მეწარმეებისათვის მრავალი ზიანის მომტანია. ტყუილად კი არ არის ნათქვამი _ "ყველა მედალს ორი მხარე აქვსო..."

რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მეწარმეს ორი _ ე.წ. "თეთრი" და "შავი" ბუღალტერიის წარმოებამ? მოკლევადიან პერსპექტივაში ერთადერთი ხიფათი მხოლოდ თანმხლები საგადასახადო რისკ-ფაქტორია _ არალეგალური ოპერაცია შესაძლო "გასკდეს" და საგადასახადო ინსპექციამ მას დამალულ გადასახადებთან ერთად ჯარიმებიც გადაახდევინოს; გრძელვადიან პერსპექტივაში კი შესაძლო ზიანთა რიცხვი გაცილებით მეტია.

მედლის მეორე მხარე

"ორმაგი" ბუღალტერიის წარმოების უარყოფითი მხარეები არის როგორც მორალურ-ზნეობრივი, ასევე პრაგმატული ხასიათის. საკითხის მორალურ-ზნეობრივ მხარეზე ამჯერად არ ვისაუბრებთ, ჩვენ მხოლოდ მის ისეთ უარყოფით მომენტებს განვიხილავთ, რომლებიც პრაქტიკული და პრაგმატული თვალსაზრისით მეწარმისათვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს.

1) უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავთ იმას, რომ რაც უფრო დიდხანს აგრძელებს მეწარმე არალეგალურ ოპერაციებს, რომლებიც განაპირობებენ მისთვის "შავი" ბუღალტერიის წარმოების აუცილებლობას, მით უფრო მატულობს ასეთი ოპერაციების თანმხლები რისკი იმისა, რომ ადრე თუ გვიან "კოკამ წყალი ვეღარ მოიტანოს". ვგულისხმობთ იმას, რომ მათ შეიძლება საგადასახადოსთან სერიოზული პრობლემები შეექმნათ, რაც მათი სერიოზული დაჯარიმებით დამთავრდება, ანუ დამალულ გადასახადებს ერთი-ორად გადაახდევინებენ. თანაც ეს _ უკეთეს შემთხვევაში; უარეს შემთხვევაში კი შეიძლება მეწარმის საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, ამას კი შესაძლოა მისი დაპატიმრებაც მოჰყვეს. საქმის ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში მეწარმეს თავის დაძვრენა გაცილებით უფრო მეტი შეიძლება დაუჯდეს, ვიდრე ეს გადასახადების დამალვით ჰქონდა დაზოგილი. წელს უამრავი ასეთი პრეცედენტი უკვე დაფიქსირდა.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ გადასახადების დამალვის მუხლით "ჩავარდნის" ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ ეს ასე არ არის. საწარმოს მიერ გადასახადების დამალვაში, როგორც წესი, რამდენიმე ადამიანი მაინც არის ჩახედული. შესაბამისად, ინფორმაციის გაჟონვის ალბათობა ყოველთვის არსებობს, რაგინდ საიმედო ადამიანებისგანაც არ უნდა შედგებოდეს ამ "საქმეში ჩახედული" პირთა წრე. ჯერ ერთი, საქართველო ძალიან პატარაა და ვინ რას აკეთებს, ყველამ კარგად იცის, ამიტომ საჭიროების ან/და მონდომების შემთხვევაში ყველა არაპატიოსანი მეწარმე შეიძლება გამოიჭირონ; მეორე, ამ "საიმედო პირებიდან" რომელიმე (რომ ვერ წარმოვიდგენთ, ისეთი) შეიძლება უშიშროებასთან ან ფინანსურ პოლიციასთან თანამშრომლობდეს; მესამე, მეწარმე შეიძლება გათქვას ამ "საიმედო პირთაგან" რომელიმემ მათ შორის პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, მაგალითად, ყოფილმა განაწყენებულმა თანამშრომელმა; მეოთხე, მეწარმის მიერ გადასახადების დამალვის გამოაშკარავება შეიძლება მოხდეს მისი კონკურენტის ინიციატივითა და ხელშეწყობით; მეხუთე, საგადასახადო დანაშაული შეიძლება წამოტივტივდეს შემთხვევით, რაიმე გარეშე გარემოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ვინმე მოიწამლა, გამოძიება უთუოდ დაინტერესდება იმ პროდუქტების წარმომავლობით, რომლებიც მოწამლულმა შეჭამა, ეს პროდუქტები კი შეიძლება მაღაზიას უსაბუთოდ ჰქონდეს ან იმპორტიორს განბაჟებული არ აღმოაჩნდეს.

მეწარმე, რომელიც გადასახადებს სისტემატურად მალავს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ისეთმა ახლობელმა "ჩაუშვას", რომელიც თითქოს მისთვის ყველაზე უფრო სანდო უნდა ყოფილიყო. სტატიის ავტორს ამ რამდენიმე წლის წინ უამბეს რუსეთის საგადასახადო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მონათხრობი, რომელიც ამბობს, რომ მის სამსახურს ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ნებაყოფლობით აწვდიან სხვადასხვა მოქალაქეები, რომელთა შორის უდიდეს უმრავლესობას შეადგენენ: ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები (!), ყოფილი საყვარლები (!!) და მიტოვებული ცოლები (!!!)... მართალია, საქართველო რუსეთი არ არის და ჩვენებური სიტუაციები იქაურისაგან ბევრი რამით განსხვავდება, მაგრამ გამორიცხული, როგორც იტყვიან, არაფერია.

2) თუ კი ბიზნესს მეტ-ნაკლებად სერიოზული სახე აქვს, მაშინ "ორმაგი" ბუღალტერიის წარმოება დამატებით დანახარჯებთან (როგორც დროით, ასევე ფინანსურ დანახარჯებთან) არის დაკავშირებული. ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ "შავი" ბუღალტერიის წარმოება "თეთრ" ბუღალტერიაზე უფრო ადვილია _ საქმე სწორედ რომ პირიქითაა! რატომ? რატომ და ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, "თეთრი" ბუღალტერია ემორჩილება საყოველთაო ცნობილ, დადგენილ წესებს, მაშინ, როცა "შავ" ბუღალტერიაში არაფერია დადგენილი და არც მეწარმეს ესმის ბოლომდე, თუ რა მოსთხოვოს ბუღალტერს, არც ბუღალტერმა იცის ბოლომდე, თუ რა დაუთვალოს მეწარმეს ბუღალტერიის "შავ" ნაწილში; მეორეც, "თეთრი" ბუღალტერია ემყარება პირველად საბუთებს (ხელშეკრულებებს, საბანკო ამონაწერებს, ქვითრებს, ზედდებულებს, ანგარიშ-ფაქტურებს და სხვ.), ხოლო "შავი" ბუღალტერია კი _ უარეს შემთხვევაში ზეპირ ინფორმაციას, ხოლო უკეთეს შემთხვევაში რაღაც ნაჯღაბნს, რომელშიც გარკვევა არა თუ ბუღალტერს, არამედ მის დამჯღაბნელსაც კი უჭირს! ამიტომ ხშირად მეწარმეს ცალკე თანამშრომლის აყვანაც კი უწევს, რომლის ძირითად მოვალეობას "შავი" ბუღალტერიის დამუშავებაა და ამაში საკმაოდ კარგ ხელფასს იღებს, თავად მეწარმეს კი "შავი" ბუღალტერიის მოწესრიგებაში არც თუ მცირე დრო ეხარჯება.

3) სადაც "თეთრი" ბუღალტერიაა, იქ კონტროლის დონე ძალიან მაღალია _ ყველაფერი აღრიცხულია: ფული, საქონელი, ინვენტარი, ვალები... ეს ყველაფერი თეორიულად "შავ" ბუღალტერიაშიც შეიძლება იქნეს აღრიცხული, მაგრამ კონტროლის დონე იქ გაცილებით ნაკლებია: ვალების სიდიდე არ არის დოკუმენტურად გაფორმებული; არსებობს დიდი შესაძლებლობა თანამშრომლის მიერ თანხის "მოტეხვისა" "მარცხენა" შემოსავლებიდან; ძალიან ძნელია გაუფორმებელი საქონლის დანაკლისის გამოვლენა და ა.შ. აქ კიდევ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი: როცა მეწარმე სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს, თანამშრომელს ან თუნდაც გარეშე პირს მეტი ცდუნება უჩნდება ისევე მოექცეს მეწარმეს როგორც ის სახელმწიფოს ექცევა, ანუ, უბრალოდ, მოპაროს მეწარმეს ფული ან პროდუქციაა, რისი გამოაშკარავების ალბათობა არასრულფასოვანი აღრიცხვის გამო გართულებული ან სულაც შეუძლებელია. ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეწარმემ ვერ განაცხადა პოლიციაში მისთვის საკმაოდ სერიოზული თანხების დაკარგვის შესახებ იმის გამო, რომ ეს თანხები არაოფიციალური ("შავი") სალაროდან იყო მოპარული!

4) ნებისმიერ ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორების შერჩევას და მათ ურთიერთთანამშრომლობას. ამას არავინ არ დაობს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი კარგი, სარფიანი წამოწყება და განვითარებული ბიზნეს-საქმეც კი დაუღუპია კონფლიქტს პარტნიორთა შორის! არა მარტო ბიზნესი ჩაშლილა ასეთი კონფლიქტების გამო, არამედ ხშირად საქმე სასამართლოებამდე ანდა კიდევ უარესი, ქუჩური წესით გარჩევამდეც კი მისულა. მაგრამ რა იწვევს ამ კონფლიქტებს? ძალიან ხშირად ამის მიზეზი ის არის, რომ პარტნიორებს ფულის სამართლიანად გაყოფა უჭირთ იმის გამო, რომ ზუსტად არ არის ცნობილი არც მოგება და არც პარტნიორის მიერ პირად მოხმარებაზე უკვე გახარჯული თანხები. იწყება ხოლმე "შავი" ჩანაწერების გარკვევა, მერე გამორჩენილი ოპერაციების გახსენება, დავა იმის შესახებ, თუ ვინ წაიღო გრიშას მოტანილი ფული და რატომ არ წერია მიშაზე გაწერილი თანხა, და ა.შ. მხოლოდ "თეთრი" ბუღალტერიის წარმოების შემთხვევაში კი პარტნიორები იმისგან მაინც არიან დაცულნი, რომ ერთმანეთს უსამართლო ბრალდებები არ წაუყენონ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია საწარმოში სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

5) უაღრესად მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე ორმაგი ბუღალტერიის წარმოებისა არის ის, რომ მეწარმე კარგავს თავისი საქმიანობის ფინანსური შედეგების სრულფასოვანი ანალიზის შესაძლებლობას. ეს მიზეზი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია (ჩვენი აზრით, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანიც კია), ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ.

საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად სერიოზული ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია ფინანსური მდგომარეობისა და შედეგების სისტემატური ანალიზი, რომელიც, როგორც წესი, გულისხმობს რამდენიმე წლის შედეგების ერთმანეთთან შედარებას. მეწარმეს უწევს მთელი რიგი მონაცემებისა (როგორიცაა, მაგალითად, ამონაგები, თვითღირებულება, რენტაბელობა, საეჭვო ვალები, ადმინისტრაციული ხარჯები, სახელფასო ფონდი, წმინდა მოგება და სხვ.) და მათი შემადგენელი კომპონენტების შედარება, რათა გააანალიზოს, რა მიმართულებებს მოაქვს მისთვის მეტი თუ ნაკლები შემოსავალი, მატულობს თუ არა საწარმოს წლიური მოგება, რა ხარჯებია შესამცირებელი ან გასაზრდელი, საჭიროა თუ არა დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, როგორია საწარმოს გადახდისუნარიანობა, აქვს თუ არა უკუგება სხვადასხვა პროექტებში ჩადებულ თანხებს და ა.შ. ცხადია, ასეთი ანალიზი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ სრულ, სწორ და უტყუარ ინფორმაციას. ამიტომაცაა, რომ მთელს მსოფლიოში ამდენი ყურადღება ექცევა ბუღალტრული აღრიცხვის განვითარებას, სხვადასხვა სამეურნეო ოპერაციების სწორად შეფასებასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, რომელიც "უტყუარად და სამართლიანად" უნდა ასახავდეს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობასა და მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებს. არასწორ ან არასრულ ინფორმაციაზე დაყრდობით გაკეთებული ანალიზი და მისგან გამომდინარე დასკვნები შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს, რამაც საწარმოს უმძიმესი შედეგები შეიძლება მოუტანოს! მაგრამ რომელ სისწორეზე ან სისრულეზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც საქმე "ორმაგ" ბუღალტერიასთან გვაქვს? "შავი" ბუღალტერია არ ექვემდებარება და ვერც დაექვემდებარება ფინანსური ანგარიშგების მომზადების დამკვიდრებულ წესებს, ხოლო "შავი" ბუღალტერიის მონაცემების სიზუსტესა და სისრულეზე მხოლოდ ძალიან პირობითად შეიძლება ვილაპარაკოთ. ვინაიდან თანამედროვე ბიზნესის წარმოება რთულია და მეწარმე მხოლოდ თავისი ინტუიციით შორს ვერ წავა, ამიტომ მეწარმე, რომელსაც თავისი საქმიანობის შედეგების სრულფასოვანი ანალიზის უნარი არ შესწევს, სიბნელეში ხელის ცეცებით მოსიარულესა ჰგავს, რომელმაც, დიდი ალბათობით, შეიძლება ფეხი რაღაცას წამოჰკრას და კისერი მოიტეხოს. ის მეწარმე კი, რომელიც მხოლოდ "თეთრ" ბუღალტერიას აწარმოებს და სათანადო ცოდნაც გააჩნია, არასწორი დასკვნების გაკეთებისაგან პრაქტიკულად მთლიანად დაზღვეულია!

ჩვენ ჩამოვთვალეთ რამდენიმე მიზეზი, რის გამოც "შავი" ბუღალტერიის ანუ არალეგალური ოპერაციების წარმოება მეწარმისათვის სარგებლის ნაცვლად ზიანის მომტანია. ასეთი მიზეზების ჩამოთვლის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა. მით უფრო საკვირველია, რომ ბევრი მეწარმე ჩამოთვლილი მიზეზებიდან არათუ ყველას, არამედ ვერც ერთს ვერ აცნობიერებს!

დასკვნა

ჩვენი დასკვნა ცალსახაა _ მომავალი სწორედ იმ ბიზნესმენებსა და მეწარმეებს ეკუთვნით, რომლებიც ამ, ჩვენი აზრით, უცილობელ ჭეშმარიტებას იზიარებენ თავიანთი სიტყვითაც და საქმითაც: ერთი ბუღალტერია ორ ბუღალტერიას ჯობია!

გიორგი გვაზავა