ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
სხვადასხვა
უცხოური ამბები – #3(3), 2004
აშშ და ევროკავშირი - საჰაერო დუელი დაიწყო

ამ მომენტს ყველა ელოდა. შარშან ხომ ევროპულმა Airbus-მა გაყიდვების მოცულობით პირველად გაასწრო ამერიკულ Boeing-ს. სამგზავრო ავიალაინერების მსოფლიოში ორი უმსხვილესი მწარმოებელი ხისტ საკონკურენტო ბრძოლაში ჩაებნენ და პირველად ნერვებმა ამერიკელებს უმტყუნა: აშშ-მა ოფიციალური საჩივრით მიმართა ევროკავშირს და ეს ორგანიზაცია Airbus-ის პირდაპირ სუბსიდირებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, ევროკავშირმა საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიტანა და ამერიკა Boeing-ისადმი პროტექციონიზმში ამხელა. უნდა ითქვას, რომ ორივე კომპანია მართალიცაა და მტყუანიც. ევროკავშირი Airbus-ს პირდაპირ არ აფინანსებს, მაგრამ კომპანია ნებისმიერი ევროპული ბანკის საეჭვო კეთილგანწყობით სარგებლობს და მისთვის შეღავათიანი პირობებით იაფი საკრედიტო ხაზები ერთიმეორის მიყოლებით იხსნება. მეორე მხრივ, არც აშშ ეხმარება Bოეინგ-ს პირდაპირ, თუმცა საპროექტო-კვლევით სამუშაოებზე ეს კომპანია მთავრობისაგან უშურველად იღებს ფულს (შარშან ამ საფუძველზე Bოეინგ-მა მთავრობისაგან 23 მლრდ დოლარი მიიღო). ამჟამად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ორჭოფულ პოზიციაშია, ვინაიდან მკაცრი სანქციების მიღების შემთხვევაში ორივე მწარმოებლის და მათი ლობისტების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა.

საფეხბურთო ვნებათაღელვა ცხრება

საფეხბურთო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავაც სპორტულზე მეტად ბიზნეს-სამყაროს ყურადღებას იპყრობს. კლუბი დიდი ხანია შოუ-ინდუსტრიის აქტიური მონაწილეა და მის მიერ ახლახან გაკეთებულმა განცხადებამ შემოსავლების 30%-იანი შემცირების (48,3 მლნ დოლარით) შესახებ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. აჟიოტაჟი კვლავ აგორდა მას შემდეგ, რაც დაირხა ხმა კლუბის აქციების საგრძნობი პაკეტის გაყიდვის შესახებ. შესაბამისად გაიზარდა კლუბის აქციების ფასიც და აქციაზე 4,8 დოლარი გახდა. აქციების პაკეტის სავარაუდო მყიდველად ამერიკელი მაგნატი მალკოლმ გლეიზერი სახელდება, რომელმაც კლუბის აქციების 19,17% თავის დროს, 251,5 მლნ დოლარად შეიძინა. ვარაუდობენ, რომ გლეიზერი აქციების ახალ პაკეტს "ირლანდიური დუეტისაგან", ჯონ მაგნაიერისა და ჯეი პი მაკმანუსისაგან შეისყიდის, რომლებიც ერთობლივად აქციების 28,9%-ს ფლობენ. ამ საქმეში მაინტრიგებელი გასაყიდი აქციების რაოდენობაა, ვინაიდან გარიგების შედეგად გლეიზერის მიერ აქციების 30%-ის დაპატრონების შემთხვევაში ამოქმედდება ინგლისური კანონმდებლობის უცნაური დებულება, რომელიც გლეიზერს აქციების სრული პაკეტის შესყიდვის პროცედურის დაწყებას დაავალდებულებს.


ნავთობი კატასტროფებით და მათ გარეშე

დასავლეთის ბაზრები კვლავ კონვულსიებს განიცდიან ნავთობზე ფასის კატასტროფული ზრდის გამო. ფასმა ბარელზე 50 დოლარს გადააჭარბა (შედარებისათვის, 1999 წელს ფასი 19-22 დოლარის ფარგლებში მერყეობდა). ფასის ზრდას განაპირობებს სამოქალაქო ომი ნიგერიაში და აჯანყება ერაყში - ორივე ქვეყანა ხომ ბაზარს დღეში 4,5 მლრდ ბარელს აწვდიდა. ამას დაემატა ქარიშხალი "ივანი", რომელმაც მექსიკაში მოქმედი ჭაბურღილების 29% მწყობრიდან გამოიყვანა. იმავდროულად, ექპერტები ნავთობზე ფასის ზრდას უკავშირებენ მსოფლიო ეკონომიკის ზრდა-გაჯანსაღებაც, ვინაიდან ეკონომიკის ზრდა ენერგომატარებლების მოხმარების ზრდას უკავშირდება. და კიდევ, ექსპერტთა მონაცემებით, ნავთობზე ფასის 6-7% სპეკულაციური წილია და აჟიოტაჟური მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ სიტუაცია გაუმჯობესდება.