ააფი
ბიზნესმენი
გამოწერა
კონსალტინგი
წიგნები
კონტაქტი
ბიზნესი (საქართველო)
ბიზნესი (უცხოეთი)
სახელმწიფო მენეჯმენტი
სამეწარმეო მენეჯმენტი
ინტერვიუ
სხვადასხვა
შეკითხვა რედაქციას
ბიზნესი (უცხოეთი)
ვერნერ ფონ სიმენსი - გერმანული ხარისხის სიმბოლო
№1(5), 2005
სიმენსი... ამ გვარს შეხვდებთ ყველგან, სადაც საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - მაცივარი, ტელეფონი, სარეცხი მანქანა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამავე ფირმის მოღვაწეობის შედეგია ტრამვაი, შუქნიშანი, კომპიუტერი, მადუღარაც კი. ვინ არის ის ადამიანი, ვინც თანამედროვე ელექტროტექნიკა შექმნა, ვისი სახელიც გერმანული ინდუსტრიის სიმბოლოდ, მისი ხარისხის აღმნიშვნელად იქცა?

ვერნერ ფონ სიმენსი 1816 წლის 13 დეკემბერს, ქალაქ ლენტეში, ჰანოვერთან ახლოს დაიბადა. მომავალი ინჟინერი, გამომგონებელი, სწავლული, მრეწველი, საზოგადო მოღვაწე - უძველესი ტრადიციების მქონე გერმანულ ოჯახში იზრდებოდა, რომლის წევრები ვერნერის დაბადების მომენტში ცხოვრობდნენ არა მარტო გერმანიაში, არამედ რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში და ამერიკაში.

ვერნერი არც თუ მდიდარი სოფლის არენდატორის კრისტიან ფერდინანდ სიმენსისა და ელეონორა დეიჰმანის 14-შვილიან ოჯახში უფროსი ვაჟი გახლდათ. ნორჩმა სიმენსმა ლუბერკის გიმნაზიის ბრწყინვალედ დამთავრების შემდეგ, სიღარიბის გამო, იძულებით მალდენბურგის საარტილერიო საინჟინრო სასწავლებელში გააგრძელა სწავლა. მას მათემატიკა, ფიზიკა იტაცებდა, მაგრამ სახსრები ცოდნის გასამყარებლად არ გააჩნდა, ამიტომაც პრუსიის არმიაში უნდა ემსახურა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მას მრავალრიცხოვანი და-ძმების მოვლა მხრებზე დიდ ტვირთად დააწვა. საოფიცრო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ უმცროსი ლეიტენანტის რანგში, ბერლინში საარტილერიო სახელოსნოებში მსახურობდა. იგრძნო, რომ გამომგონებლობას, სამეცნიერო მოღვაწეობას უნდა გაჰყოლოდა. სიმენსის ახალგაზრდობის წლებში, ბერლინში მრავალი შესაძლებლობა იყო ტექნიკური განათლების მიღებისა. იგი პოლიტექნიკური საზოგადოების წევრი გახდა. აქ მოღვაწეობდა ბერლინის უნივერსიტეტის მრავალი ცნობილი პროფესორი. საზოგადოებისაკენ ილტვოდნენ ახალგაზრდა ინჟინრები და სწავლულები, რომელთაგანაც მრავალმა მათგანმა შემდგომში სახელიც კი გაითქვა.

საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ახალგაზრდა არტილერისტი, ოფიცერი სიმენსი. მან კრიტიკულად გაანალიზა პრუსიაში ოპტიკური ტელეგრაფის დანერგვისთვის წარმოებული სამუშაოები. მან საზოგადოებას მიმართა წინადადებით, ძირფესვიანად დაეხვეწათ ინგლისელების მიერ მშენებარე ელექტრული ისრული ტელეგრაფი. სიმენსის მხარდამჭერთა შორის გახლდათ იოჰან გეორგ ჰალსკე. ეს ორი ადამიანი გამომგონებლობისადმი სიყვარულმა მტკიცედ დააკავშირა. ტელეგრაფის სრულყოფამ რიგი ახალი მოწყობილობებისა და ხელსაწყოების შექმნა გამოიწვია: რელე ელექტრული სიგნალების გასაძლიერებლად, ხელსაწყო-მეხამრიდი, ფაიფურის იზოლატორები ზარების ფორმით, პრესი კაბელებისა და მავთულების დასაფარად. 1845 წლისთვის სიმენსი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იმედისმომცემი მეცნიერი გახდა, რომელიც ახლადშექმნილ ფიზიკის საზოგადოებაში მოღვაწეობდა. ერთი წლის შემდეგ იგი გახდა გენერალური შტაბის კომისიის წევრი, რომელსაც ელექტროტელეგრაფის დანერგვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა. 1846 წლის 14 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ვერნერ სიმენსი ნათესავებს წერდა: "თითქმის გადავწყვიტე, სამუდამო ასპარეზად ტელეგრაფი ავირჩიო. ტელეგრაფია გახდება დამოუკიდებელი მნიშვნელოვანი დარგი ტექნიკისა. ვგრძნობ, რომ ორგანიზატორის როლი უნდა შევასრულო..."

1847 წლის 1 ოქტომბერს ვერნერ სიმენსმა და იოჰან გეორგ ჰალსკემ ერთობლივად დააფუძნეს "ორგანიზაცია სიმენსისა და ჰალსკეს ტელეგრაფის მშენებლობისა და განვითარებისთვის". თავდაპირველად, ეს გრძელსახელიანი საწარმო უფრო მეტად ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის სახელოსნოს ჰგავდა. მასში მხოლოდ 3 თანამშრომელი მუშაობდა. მიუხედავად ასეთი ვიწრო მასშტაბებისა, მასში სიმენსის მომავალი საწარმოების ნიშნები უკვე იკვეთებოდა. აქ არა მარტო პროდუქციას ამზადებდნენ, არამედ უპირველესად ამუშავებდნენ სხვადასხვა პროექტებს, ამოწმებდნენ ახალ გამოგონებათა ეფექტურობას. პირველი დიდი შეკვეთა ლეიტენანტმა სიმენსმა მიიღო ბერლინი-მაინის ფრანკფურტის სატელეგრაფო ხაზის მშენებლობის განსახორციელებლად. იმავდროულად, სატელეგრაფო აპარატურასთან ერთად სიმენსის ფირმამ ელექტროსამედიცინო ხელსაწყოებისა და  რკინიგზისთვის სასიგნალო მოწყობილობათა წარმოებაც დაიწყო.

სიმენსმა უიტსტონ-კუკის ტელეგრაფის სრულყოფა მოახდინა, რისთვისაც პირველ საერთაშორისო გამოფენაზე ინგლისში (1851 წელს) ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მოსკოვი-პეტერბურგის სატელეგრაფო ხაზისთვის 75 სატელეგრაფო აპარატის მიწოდებიდან, 1851 წლიდან დაიწყო ფირმის "სიმენსი და ჰალსკე"-ს თანამშრომლობა რუსეთთან. რუსული შეკვეთების მოცულობა გამუდმებით იზრდებოდა, ამიტომაც ფირმამ რუსეთში საკუთარი წარმომადგენელობა დააფუძნა, ვერნერის უმცროსი ძმის კარლოსის მეთაურობით. სატელეგრაფო ხაზები, რომელიც ფირმამ რუსეთში გაიყვანა, მრავალი იყო, მათ შორის სანკტ-პეტერბურგი-მოსკოვი-ყირიმი, მოსკოვი-კიევი-ოდესა და შემდგომ სევასტოპოლამდე, სანკტ პეტერბურგი-კრონშტადტი. ხაზების ნაწილი ზღვის ფსკერზე გადადიოდა. სატელეგრაფო ხაზები გადაიჭიმა აგრეთვე ფინეთში, ვარშავაში, რიგაში, ტალინში - დასავლეთ ევროპისკენ. ამ ხაზების მუშაობის საგარანტიო ვადა აქამდე არნახული იყო - 6 და 12 წელი! ხაზების კვებისთვის შემდგომში გამოიყენებოდა დინამო-მანქანები - სიმენსის კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი გამოგონება. ვერნერ სიმენსი სამეცნიერო კვლევებს, გამომგონებლობით მოღვაწეობას უთავსებდა საცდელ-საკონსტრუქტორო ექსპერიმენტებს, წარმოებაში ნერგავდა სიახლეს, სრულყოფდა უკვე გამოშვებულ მოწყობილობებს. ამ თვისებით მეცნიერი-პრაქტიკოსი ედისონს უტოლდება. ელექტროტელეგრაფიაში მისი მოხსენება პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ჰუმბოლდტმა დიდად შეაფასა. 35 წლის ასაკში სიმენსი საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტად აღიარეს ელექტროტექნიკის დარგში, ხოლო 1860-1870 წლებში ფირმამ "S&H" მონაწილეობა მიიღო ინდოევროპული სატელეგრაფო ხაზის ლონდონი-კალკუტა მშენებლობაში, რომლის სიგრძეც 1100 კილომეტრს შეადგენდა. ამ ხაზის ერთ-ერთი მონაკვეთი (ამიერკავკასიის გავლით) ააშენეს რკინის საყრდენებზე, რომელმაც 1871-დან 1931 წლამდე (ზუსტად 60(!) წლის განმავლობაში) იმუშავა.

ფირმის ცალკეული ფილიალები გაიხსნა ვენაში, სანკტ პეტერბურგში, ტიფლისში; კავკასიაში ფირმა ნავთობმრეწველობითაც იყო დაკავებული.

1867 წლის 17 იანვარს სიმენსი ბერლინის აკადემიის წინაშე წარსდგა მოხსენებით წყალქვეშა კაბელებისა და დინამო-მანქანის (x, 629) შექმნის თეორიის თაობაზე, რაც თანამედროვე ელექტროტექნიკის ათვლის წერტილად ითვლება.

ვერნერ სიმენსმა უდიდესი ყურადღება დაუთმო საზღვაო სატელეგრაფო ხაზების მშენებლობას. პირველი წყალქვეშა კაბელი ღია ზღვაში (ხაზი ბონა-კალიარი) სწორედ მან გაიყვანა, ხოლო მისი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო სატელეგრაფო ხაზებით ევროპისა და ამერიკის დაკავშირება ატლანტიკის ოკეანის გავლით. ამ გრანდიოზული მასშტაბების სამუშაოს ჩატარებისას ადგილი ჰქონდა კატასტროფულ შეცდომებს (რაც გამოცდილების არქონითა და საჭირო ცოდნის ნაკლებობით იყო გამოწვეული) და ფინანსურ დანაკარგებს (რამაც ფირმა კინაღამ გაკოტრების ზღურბლთან მიიყვანა). თუმცა, სწორედ მაშინ გახდა აშკარა, რომ სიმენსი არა მარტო გამომგონებელი და ინჟინერია, არამედ უდიდესი მეწარმეც, რომელსაც უმძიმეს პირობებში გაძლება, შემდეგ კი წარმატების გზით სვლაც შეუძლია. წყალქვეშა კაბელების გაყვანისას სიმენსმა მრავალი გამოგონება შექმნა, დახვეწა საკუთარი ქმნილებანი, შექმნა თვით "საკაბელო თეორიაც", რამაც საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

შარლოტენბურგის დიდი ქარხანა ამზადებს კაბელებს მიწისქვეშა გაყვანილობისთვის, ელექტროგანათებისთვის, ტელეფონებისთვის. ასეთივე ქარხანა ამუშავდა ინგლისშიც, რომელმაც შექმნა 7 კაბელი ევროპის ამერიკასთან დასაკავშირებლად. 1870 წლის დასაწყისში ფირმამ "Siemens & Halske" ააშენა საკაბელო გემი "ფარადეი", რომელიც აღჭურვილი იყო კაბელგამყვანი მანქანით. 1874 წელს "ფარადეიმ" გაიყვანა ტრანსატლანტიკური სატელეგრაფო კაბელი, რომელმაც ირლანდია აშშ-ს პირდაპირ დააკავშირა კუნძულ ნიუფაუნდლენდის გვერდით ავლით (5700 კმ). 10 წლის განმავლობაში ამ გემმა 6 ტრანსატლანტიკური კაბელი გაიყვანა. 1877 წელს ფირმა "S&H" დაიწყო კაბელის სატელეფონო ყურმილების დამზადება. 1881 წელს კი ბერლინში პირველი სატელეფონო სადგურის მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა.

1874 წლის ივლისში სიმენსი პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა. 1888 წელს აზნაურის წოდება მას კაიზერ ფრიდრიხ III მიანიჭა. 1887 წელს ამხანაგობა "სიმენსი და ჰალსკე" გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, ძირითადი კაპიტალით 35 მილიონი მარკა. ეს თანხა 1898 წელს 40 მილიონამდე, ხოლო 1899 წელს 45 მილიონ მარკამდე გაიზარდა.

სიმენსის საწარმოთა თითქმის ყველა წარმატება უკავშირდება მათი ხელმძღვანელის კვლევით და საგამომგონებლო ნიჭიერებას. იგი უარყოფდა ყველაფერს, რაც არ იყო თეორიულად საყოველთაოდ განხილული და ექსპერიმენტებით დამტკიცებული. სიმენსის დინამო-მანქანამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სამთო საქმეში. მისი წყალობით შეიქმნა მაღაროს ელექტროვენტილატორი, ელექტროტრანსფორმატორი, პნევმატური ელექტროჩაქუჩი. 1879 წელს ფირმამ ბერლინის სამრეწველო გამოფენაზე პირველი ელექტრორკინიგზა წარმოადგინა, ხოლო 1880 წელს მანგეისის გამოფენაზე - მსოფლიოში პირველი ელექტროლიფტი. 1881 წელს ამავე ფირმის მეშვეობით აშენდა პირველი ელექტროტრამვაის ხაზი ბერლინის ბოლოში. 1882 წელს გამოიცადა ურელსო ტრანსპორტი.

თავისი მოღვაწეობის ადრეული ეტაპიდან სიმენსმა გააცნობიერა ფირმაში სერიოზული კვლევების ჩატარების, აგრეთვე ფართო სამეცნიერო კონტაქტების დამყარების აუცილებლობა. ხელმძღვანელობა ღია და გამჭვირვალე გახდა. ერთობლივი მოღვაწეობისთვის გამუდმებით იწვევდა ახალგაზრდა ნიჭიერ სწავლულებს და ინჟინრებს.

სადღეისოდაც რთულია სრულყოფილად იმის წარმოდგენა, რა მოცულობის სამუშაოები ჩაატარა სიმენსის ფირმამ ლონდონი-კალკუტას ტრანსკონტინენტალური სატელეგრაფო ხაზის მშენებლობისას ბერლინი-ტორუნი-ოდესა-ქერჩი-თბილისი-თეირანი-ბუშირი-ყარაჩის გავლით. ერთხმად მუშაობის უნარი გამოიჩინეს ძმებმა სიმენსებმა და მათმა ნათესავმა გეორგმა, რომელიც სპარსეთის მონაკვეთის ხაზის გაყვანას ხელმძღვანელობდა. სწორედ ეს უკანასკნელი გახდა 1870 წელს ახლადშექმნილი Deutsche Bank-ის პირველი დირექტორი. ტრანსატლანტიკური და "ინდური" კაბელის გაყვანა გახდა ფირმის არა მარტო გრანდიოზული ტექნიკური წარმატება, არამედ სიმენსის გვარი უმაღლესი ხარისხის სიმბოლოდ გადააქცია.

სიმენსი ყველაფერში ნოვატორი გახლდათ, რასაც კი მისი გენია შეეხებოდა. საინტერესოა მისი წვლილი, რომელიც სოციალურ სფეროში შეიტანა: მან სამუშაო დღე 8,5 საათამდე შეამცირა, ქარხანასთან ექიმი მიამაგრა, ვინც მუშების ჯანმრთელობაზე პასუხს აგებდა. ყველა უმნიშვნელოვანესი კი საპენსიო სალაროს დაარსება გახლდათ. ვერნერ ფონ სიმენსის სიცოცხლეში მის ქარხნებში მშვიდობა სუფევდა, რადგანაც იგი ხელმძღვანელობდა პრინციპით "მე რომ არ გავცემდე ერთგულ თანაშემწეებს კუთვნილ წილს მოგებისა, ეს ფული დამიწვავდა ხელებს, როგორც გადამდნარი რკინა..."

სიმენსმა ბევრი რამ გააკეთა გერმანული და ევროპული ელექტროტექნიკის განვითარებისთვის. იგი გახლავთ ინიციატორი ბერლინის ელექტროტექნიკური კავშირის შექმნისა 1879 წელს. დააფუძნა და ხელმძღვანელობდა პატენტების საზოგადოებას ბერლინში. ვერნერ სიმენსი ცნობილია აგრეთვე როგორც მეცენატი მეცნიერებისა და კულტურის დარგში. ბერლინის ეროვნული ფიზიკა-ტექნიკური ლაბორატორიის შესაქმნელად 500 ათასი მარკა გაიღო. მისი ძალისხმევისა და ფულადი მხარდაჭერის წყალობით შარლოტენბურგში გაიხსნა ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი.

1881 წლის პირველ საერთაშორისო ელექტროტექნიკურ გამოფენაზე პარიზში ყველაზე დიდი წარმატებები მოიპოვა ედისონისა და სიმენსის ექსპონატებმა. ელექტროტექნიკის ორივე კორიფე სწორედ აქ დაუმეგობრდა ერთმანეთს.
1883 წელს სიმენსმა მთავრობას მიმართა წინადადებით შეექმნათ სამეცნიერო-ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტი. მან უმეცრების კედელი დაძრა და მის გახსნას მაინც მიაღწია. სახელმწიფო ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის (PTR) პირველი დირექტორი გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი ჰელმგოლცი გახდა.

1892 წელს სიმენსმა გამოიგონა ლენტისებრი დამცავი საფარი მექანიკური ზემოქმედებისაგან მიწისქვეშა კაბელებისთვის. სიცოცხლის ბოლოს მისთვის ჩვეული რეალური წინასწარგანჭვრეტის უნარი გამოავლინა და მსოფლიო ვაჭრობის, ევროპის ეკონომიკური გაერთიანების პერსპექტივაზე მიუთითა: "ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოიშლება (შესაძლებლობის მიხედვით) შიდაპოლიტიკური საბაჟო ბარიერები, რომელიც გასაღების რაიონებს ზღუდავს, აძვირებს წარმოებას და ამცირებს კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე."

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვერნერ სიმენსი წერდა: "ვთვლი, რომ ცხოვრება გამომივიდა, რადგანაც იგი სავსე იყო ძალისხმევითა და შრომით, რომელსაც ადამიანებისთვის სარგებლობა მოაქვს." მანვე ერთხელ განაცხადა: "არ გავყიდი მომავალს, წამიერი სარგებლის მიღების სანაცვლოდ" - ეს სიტყვები პიროვნულად ამ ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

ძმები სიმენსების მოღვაწეობა საქართველოსა და კავკასიაში

ფირმა "სიმენსმა და ჰალკემ" 1858-1863 წლებში თბილისს, კონდორს, ქუთაისს, ფოთს, ბორჯომსა და ვლადიკავკაზს შორის სატელეგრაფო ხაზი გაიყვანა. მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში თბილისში ძმები ვალტერი (1833-1868) და ოტო (1836-1871) სიმენსები სამეწარმეო წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდნენ. 1860 წელს ვალტერ სიმენსი თბილისში გამოაგზავნეს, რათა მას ადგილზე უკეთესად გაეწია კონტროლი. აქ ის 1867-1868 წლებში პრუსიის კონსულის მისიასაც ასრულებდა. მას შემდეგ, რაც ვალტერი 1868 წლის 11 ივნისს ცხენიდან გადმოვარდნისას მოულოდნელად დაიღუპა, იგი მისმა უმცროსმა ძმამ, ოტომ, შეცვალა. ოტო სიმენსმა ამიერკავკასიაში ომში დაღუპული თავადი მირსკის (გუბერნატორის ძმის) ქვრივის სახით თავისი დიდი სიყვარული იპოვა, რის შედეგადაც თბილისის საზოგადოების მაღალ წრეში მოხვდა. თუმცა არც მას ეწერა ხანგრძლივი სიცოცხლე. 1871 წლის 28 სექტემბერს ოტო სიმენსი გარდაიცვალა და მანაც ისევე, როგორც მისმა ძმამ ვალტერმა, თავისი ბოლო განსასვენებელი თბილისში იპოვა. ასე რომ სიმენსების ოჯახმა ამიერკავკასიის მხარეში არა მარტო ეკონომიკური მოგება ნახა, არამედ დიდი პირადი დანაკლისიც განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობა ნაკლებად წარმატებული იყო, სიმენსების სპეციალისტები მაინც რჩებოდნენ ამიერკავკასიაში. ერთის მხრივ ამას განაპირობებდა 1868-1870 წლებში გაყვანილი და იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელი სატელეფონო ხაზი, რომელიც კავკასიაში სოხუმის, ქუთაისის, თბილისის, ერევნისა და ჯულფას გავლით გადიოდა და მოვლას საჭიროებდა; მეორეს მხრივ კი ამის მიზეზი იყო სხვა რეგიონალური ხაზები, რომლებიც გაჰყავდათ ფირმა "სიმენსსა და ჰალსკეს". ასე, მაგალითად: 1876 წლის იანვარში მან ტელეგრაფით ერთმანეთს დააკავშირა ელიზავეტპოლი და შუშა, ხოლო 1879 წელს დაასრულა კრასნოვოდსკისა და ბაქოს დასაკავშირებლად კასპიის ზღვის გრუნტზე  სატელეგრაფო კაბელის გაყვანა. ეს უკანასკნელი ტექნიკური თვალსაზრისით პროფესიონალიზმის ნიმუშად ითვლებოდა. მან შესაძლებელი გახადა შუა აზიის მხარეებს, კავკასიასა და დასავლეთ ევროპას შორის სხვა სატელეგრაფო კავშირების დამყარება.

Siemens... ვერნერ სიმენსის გარეშე

XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი 1892 წლის 6 დეკემბერს საკუთარ მამულში შარლოტენბურგში გარდაიცვალა. რამდენიმე დღით ადრე კი სიმენსმა გამოგონებათა წიგნის პირველი დაბეჭდილი ეგზემპლარი იხილა. სიმენსის ვაჟებმა და შვილიშვილებმა მისი საქმე გააგრძელეს, შეეცადნენ მისი მოღვაწეობის სულისკვეთება შეენარჩუნებინათ, იმავდროულად, თანამედროვე მოთხოვნებსაც არ ივიწყებდნენ.

დაფუძნების მომენტიდან კომპანია ბერლინში იყო განთავსებული, მაგრამ საუკუნის ბოლოს გერმანული დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ გადაინაცვლა. აქ დაიწყეს მთელი ქალაქის მშენებლობა ქარხნებით, ადმინისტრაციული ოფისებით, შემდგომში კერძო სამფლობელოებით, მრავალბინიანი სახლებით მუშებისთვის, სკოლით, სპორტული დარბაზებით, მაღაზიებით, აფთიაქით, პოლიკლინიკებით, სასტუმროებითაც. ამ ადგილს დაერქვა სიმენსშტადტი, ეს სახელი ოფიციალურად 1914 წელს დამტკიცდა.

ორ მსოფლიო ომს შორის არსებული კომპანიისთვის სტრუქტურული ცვლილებების, ახალი ბაზრების "დაპყრობის", პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო ელექტროტექნიკური კონცერნის დაკარგული სტატუსის აღდგენის დროდ ითვლება. ფორმის მიხედვით ფირმა თანდათან ჰოლდინგად ჩამოყალიბდა, მიუხედავად ამისა, "სიმენსის" ბიზნესი ოჯახურ სულისკვეთებას არ კარგავდა. კომპანიის მეთაური (1919-1941 წლებში) ამ დროს იყო ვერნერ ფონ სიმენსის უმცროსი ვაჟი კარლოსი. მის სახელს უკავშირდება "სიმენსის" ახალი კორპორატიული პოლიტიკისა და კულტურის ფორმირება.

კარლ ფონ სიმენსი ავითარებდა, ახდენდა კომპანიის ბიზნესის რეფორმირებას. ძირითადი იდეა, რითაც ის ხელმძღვანელობდა, მდგომარეობდა შემდეგში - მსოფლიო საყოველთაოდ ცნობილმა ელექტროტექნიკურმა გიგანტმა მხედველობის არედან არ უნდა გაუშვას ელექტროინდუსტრიის არც ერთი მიმართულება, ამასთან არ გადაერთოს რაიმე სხვა დარგში. კარლ ფონ სიმენსმა შვილობილი კომპანიები ჩამოაყალიბა, სხვა ფირმებთან ალიანსში შევიდა. საქმე დამოუკიდებელი ბიზნესების გაერთიანებად გადაიქცა. მრავალი დამოუკიდებელი ბიზნეს-ერთეულების მხარდაჭერამ მას საშუალება მისცა ელექტროტექნიკის ყველა შესაძლებელი დარგი მოეცვა. ამასთან, ყოველი ასეთი ქვეგანყოფილება არ კარგავდა მყარ ეკონომიკურ, ტექნიკურ, საორგანიზაციო კავშირებს სათაო კომპანიასთან. კარლოსს არ სურდა ფირმებისთვის "სიმენსის კონცერნი" ეწოდებინათ. მამის ანდერძის მიხედვით, ამ წლებში კომპანიას "სიმენსის სახლის" სახელწოდება შეუნარჩუნა. 1919-დან 1928 წლის ჩათვლით 8 შვილობილი კომპანია ჩამოყალიბდა, რომელიც "სიმენსის სახლის" ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას მოიცავდა. ელექტრონათურები მარკით Osram იმის შედეგად შეიქმნა, რომ სიმენსი ორ ყოფილ კონკურენტ ფირმასთან გაერთიანდა. "სიმენსი" წამყვან პოზიციებს ინარჩუნებდა ელექტროსასიგნალო სისტემებისა და რკინიგზისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის წარმოებისას, სამხედრო-ტექნიკური მოწყობილობების, ელექტროძრავებიანი ლოკომოტივების შექმნისას, სამედიცინო ტექნიკის წარმოებისას. სამოქმედოდ გამოჩნდა ახალი ბაზრებიც. ელექტრომოწყობილობები (დიასახლისთა შრომას რომ ამსუბუქებდა) ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკაში თუ მოიხსენიებოდა. ახალი საუკუნის 20-იან წლებში კი, ბერლინში საცხოვრებელი სახლების ნახევარი ელექტროობით რომ იყო უზრუნველყოფილი, დაიწყო საყოფაცხოვრებო ტექნიკის მასიური წარმოება. პირველი მტვერსასრუტები, სარეცხი მანქანები, უთოები დიდი და მოუხერხებელი იყო, არც ისე იაფი, ამიტომაც მხოლოდ მდიდრებისთვის ხელმისაწვდომი ფუფუნებას წარმოადგენდა. ეს მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ბუმის დასაწყისი იყო.

1925 წლიდან "სიმენსის სახლი" უშვებდა ამგვარ ტექნიკას "Protos"-ის მარკით. ეს სახელწოდება მოდიოდა იმ ავტომობილებიდან, რომელსაც კომპანია XX საუკუნის დასაწყისიდან 20-იანი წლების შუაგულამდე უშვებდა.

კომპანია ტრადიციული კავშირის საშუალებების სრულყოფის პროცედურებიდანაც არ ჩამორჩენილა. ყურადღება მიაქცია პირველი ელექტრონული მასმედიის - რადიოსა და ტელევიზიის ჩამოყალიბებას. წარსულს ჩაბარდა სატელეფონო კავშირი პრინციპით "გოგონა, ნომერთან შემაერთეთ..." 1909 წელს კომპანიამ გერმანიაში პირველი ავტომატური სატელეფონო სადგურები შექმნა. 1928 წელს გამოჩნდა სატელეგრაფო აპარატის ახალი კონსტრუქცია: ტელეპრინტერი (ანუ ტელექსი) - საბეჭდი მანქანა შეტყობინებების მიღებისა და გადაცემების საშუალებებით. ასეთი მოწყობილობით კავშირის დამყარება მოსახერხებელი, სატელეფონოზე უფო იაფი აღმოჩნდა. ტელექსებმა პოპულარობა განსაკუთრებით ბიზნესის სამყაროში მოიპოვეს. ფირმის ინიციატივით გერმანიაში შეიქმნა პირველი ასეთი სატელექსო ქსელი. "სიმენსის სახლმა" მონაწილეობა მიიღო გამოსახულების გადაცემის ტექნოლოგიების რეალიზებაში სატელეგრაფო ხაზების მეშვეობით. მომავალი ფაქს-მანქანის წინაპარმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მეგაზეთეებში. გაჩნდა შესაძლებლობა ფოტოები გაეგზავნათ ტელეგრაფის საშუალებით. 1923 წლიდან დაიწყო რადიომიმღებთა მასიური გამოშვება. სატელევიზიო მიმღებების შემუშავებაში პირველი ნაბიჯი 30-იანი წლების ბოლოს გადაიდგა კომპანია თელეფუნკენ, რომელიც სიმენსის ერთობლივი საწარმო გახლდათ.

ვერნერ ფონ სიმენსის წინაშე რეკლამის პრობლემა არასოდეს დამდგარა. XIX საუკუნეში სიმენსის ფირმა მუშაობდა მსხვილი კლიენტების შეზღუდულ რიცხვთან. მისი პროდუქცია ხშირად პიონერულ ხასიათს ატარებდა, რაც თავისთავად ყურადღებას იქცევდა. კომპანიის დამფუძნებელი დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო რეკლამას პროდუქციის ხარისხი და მასში ჩადებული სახსრები წარმოადგენს. შემდგომში დრო შეიცვალა, ჩამოყალიბდა ელექტროტექნიკის სამომხმარებლო ბაზარი, იზრდებოდა კონკურენცია. აშკარა გახდა, რომ გაჩნდა საჭიროება მოფიქრებული სარეკლამო პოლიტიკის გატარებისა.

ეს ამოცანა რთულდებოდა იმითაც, რომ "სიმენსის სახლის" ჭერქვეშ მრავალმა ფირმამ მოიყარა თავი. ყოველი მათგანი თავისებურად წყვეტდა რეკლამის პრობლემას, კომპანიის ბრენდს ან ლოგოტიპს თავისუფლად იყენებდა, ან პროდუქციას საკუთარი მარკით უშვებდა. "სიმენსის" ახალი სახე ჩამოაყალიბა რეკლამის ცნობილმა სპეციალისტმა ჰანს დომიცლაფმა. მან რეკომენდაცია გასცა ყველა ქვეგანყოფილებას ერთიანი სტრატეგიით ემოქმედა სამომხმარებლო ბაზარზე დასამკვიდრებლად. შემოიღო "სიმენსის" ერთიანი მარკა, შეიმუშავა ახალი ლოგოტიპი. ამ დროიდან სახელწოდება "შიემენს" მასიური მომხმარებლის აზროვნებაში დამკვიდრდა.

ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გერმანული ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადავიდა. ელექტროინდუსტრიის საწარმოები სრული დატვირთვით მუშაობენ, გაიყინა სამომხმარებლო პროდუქციის გამოშვება. მუშახელის უკმარისობა "სიმენსის" ქარხნებში კომპენსირებული იქნა უცხოელი მუშების გამოყენებით. ბერლინის დაბომბვის გამო "სიმენსის სახლის" ხელმძღვანელობამ უფრო უხიფათო, დისლოკაციის ახალი ადგილების მოძებნა გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ომის დასრულებისთვის კომპანიის სამრეწველო მოედნების უმეტესი ნაწილი ნანგრევებში დარჩა. "სიმენსმა" საკუთარი რესურსები უცხოეთში მთლიანად დაკარგა. ომის შემდგომი პერიოდის პირველი წლები კომპანიისთვის რთული, "ფერფლიდან აღდგენის" დრო იყო. "სიმენსმა" საკუთარი წარმოების თანდათან აღდგენა პირველი საჭიროების საგნებით დაიწყო: ნიჩბები ნახშირისთვის, რკინის ფოცხები, ელექტროჩაიდნები გამოუშვა. შემდეგ განაახლეს სამუშაოები რკინიგზის, ტელესაკომუნიკაციო და ენერგომომარაგების სისტემათა აღსადგენად. გერმანიის კაპიტულაციის, ქვეყნის ოკუპაციის ორ ზონად გაყოფის შემდეგ "სიმენსი" ქვეყნის დასავლეთ რაიონებში გადავიდა.

1950-1951 საფინანსო წელი "სიმენსისთვის" პირველი "ნორმალური" წელი გახდა ომის შემდეგ. კომპანიამ სიჩქარეები თანდათან აკრიფა, მუდმივად ზრდიდა საკუთარ შემოსავლებს, იბრუნებდა დაკარგულ პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. აღადგინა საკუთარი სტატუსი ტრადიციულ დარგებში - მძიმე ელექტროინდუსტრიაში, ტელეკომუნიკაციებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაში. 1966 წელს ახალი სერიოზული რეორგანიზაცია ჩატარდა. ამ დროისათვის "სიმენსის სახლი" სამი სათაო კომპანიისგან შედგებოდა - "Siemens&Halske AG", "Siemens-Schukertwerke AG", "siemens-Reinigerwerke AG". ცვლილებათა უდიდესი ტემპები (რაც ელექტროინდუსტრიაში და ელექტროტექნიკაში იმ წლებში ხდებოდა), მუდმივი გიგანტურ კაპიტალდაბანდებათა აუცილებლობა კვლევითი სამუშაოების ჩატარებისას, კონკურენციის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე ერთიანი კორპორატიული პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვდა, უფრო ოპერატიული, მართვის უნიფიცირებული სტრუქტურის ჩამოყალიბებასთან ერთად. ამ ფაქტორებმა გამოიწვია სათაო კომპანიების გაერთიანება, "Siemens AG" შექმნა მთავარი შტაბ-ბინით მიუნჰენში. "დიდი" "Siemens"-ის პირველი მეთაური გახდა ერნსტ ფონ სიმენსი, მანამდე ათეული წლის განმავლობაში ორი სათაო კომპანიის მეთაური. 1957 წელს "სიმენსის" მარკით გამოუშვეს პირველი ელექტროგამომთვლელი მანქანა. კომპანია შეეცადა IBM-ის ექსპანსიას წინ აღდგომოდა ევროპულ ბაზარზე. კომპანიის ისტორიაში ეს თავი ნათელი მოვლენებით შეივსო XX საუკუნის ბოლოსთვის. 1984 წელს კომპანიამ მოახდინა საკუთარი საკომუნიკაციო და კომპიუტერული ბიზნესის კონსოლიდირება Communication and Information Systems Groun-ის სახით. იგი გაერთიანდა ცნობილ გერმანულ კომპიუტერულ ფირმასთან "Nixdorf AG" და გარდაიქმნა შვილობილ კომპანიად Siemens Nixdorf Informations Systems AG.

"სიმენსის" საინფორმაციო ბიზნესის ტრანფორმაცია გრძელდება. იაპონური კონცერნ Fujitsu-სთან ერთად კომპანია აქტიურად ითვისებს ევროპულ კომპიუტერულ ბაზარს (კომპიუტერული ტექნიკა გამოდის საფირმო ნიშნით FujitsuSiemens), ახალი წარმონაქმნი Siemens Business Servives კი საინფორმაციო ტექნოლოგიების წამყვანი ხდება. თუმცა, ეს უკვე ისტორია კი აღარ არის, არამედ თანამედროვეობაა.

ვეფხია სამსონიძე